საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ბულვარში 2 000 კვ.მ ტერიტორიას უფასოდ უთმობენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ანბანის კოშკის მიმდებარედ ტერიტორიის ერთი თვით კომერციული მიზნისთვის გამოსაყენებლად კომპანია “ბმ გრუპი” 7 ათას ლარს იხდიდა. დოკუმენტაცია საკრებულოს კენჭისყრამდე შეიცვალა. მსოფლიო ჩემპიონატის ფანკლუბის მოსაწყობად 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე კომპანიამ უარი თქვა და რამდენიმე მეტრით ადგილმდებარეობის ნიშნული გადაწია, რომელიც უკვე არა თვითმმართველობის, არამედ ბულვარის ბალანსზეა. კომპანიამ მხოლოდ იმ ინვენტარის თანხა უნდა გადაიხადოს, რასაც თვითმმართველობისგან იქირავებს.
ქალაქის მერი განმარტავს, რომ ტერიტორიის საბაზრო ფასს ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი, აუდიტის სამსახური განსაზღვრავს.
6 000 ათასი ლარით ნაკლებად კომპანია “ბმ გრუპმა” 50 კვ.მ – ით უფრო დიდი ტერიტორია, ე.წ ეშმაკის ბორბლის მიმდებარედ, ერთ თვით უფასოდ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ბმ გრუპის” წარმომადგენელი და აქტივობის ორგანიზატორი ბათუმის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი დიმიტრი დარჩიაა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანხმობის გაცემამდე მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს. უწყების ადვოკატის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენელს თან ჰქონდა ბათუმის მერის ლაშა კომახიძის მიერ 23 მაიის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც ქალქის პირველი პირი აფიქსირებდა, რომ ამ აქტივობას ეთანხმება.
საიას წარმომადგენელი საკითხის დეტალურ შესწავლასა და მონიტორინგს გეგმავს.