UNICEF: საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, 14 000-მდე ბავშვი ბაღში ვერ დადის

956

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) 2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით, 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.

კვლევის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 63.7% დადიოდა საბავშვო ბაღში, ამასთან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების აბსოლუტური უმრავლესობა – სახელმწიფო ბაღებში სწავლობდა. ამასთან, ქალაქში საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51% შესაბამისად).

შინამეურნეობების უმდიდრეს მეხუთედში შემავალი 3-5 წლის ბავშვების თითქმის 64% დადიოდა საბავშვო ბაღში, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა უღარიბესი შინამეურნეობების მეხუთედში 57.7% შეადგინა.

კვლევის თანახმად, 3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის.

ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს. „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.