ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა ელექტრონული ფორმით უკვე შესაძლებელია.
ვებ-გვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძესა და “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელ კონსტანტინე კანდელაკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
კანონმდებლობის თანახმად, ელექტრონული პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% პროცენტს (450 ამომრჩეველს).
“ელექტრონული სახით წარსადგენად პეტიციის ავტორი უნდა დარეგისტრირდეს აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ საკრებულოში შეტანილი პეტიციების განსახილველად დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პეტიციების მიზნობრიობას შეისწავლის.
პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის დანერგვამდე, საკრებულოში ერთი პეტიცია უკვე შევიდა. პეტიციით მოსახლეობა სოფელ ფერიაში საჯარო სკოლასთან საკანალიზაციო არხის გაყვანას, კაპრეშუმში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და აჭარისწყალში მდებარე ამორტიზებული კულტურული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვს.