გამოცდა კოალიციური მოდელისთვის. რას უნდა ველოდოთ ოპოზიციურ საკრებულოებში

536

“პუბლიკა”

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რომ ერთპარტიულ მმართველობას კოალიციურს ამჯობინებს, არაერთი კვლევით დადასტურდა. საზოგადოების ეს სურვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც გამოვლინდა – წინასწარი შედეგებით, მერის არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, ასევე – 15 მუნიციპალიტეტსა და არაერთ მაჟორიტარულ ოლქში. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში სწორედ მეორე ტურის შედეგები განსაზღვრავს, იქნება თუ არა მმართველი პარტია საკრებულოს უმრავლესობაში. ამ მხრივ, გამონაკლისია ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის საკრებულოები – აქ, წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს:

ბათუმი

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.

ზუგდიდი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 19 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

რუსთავი

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

ერთ მაჟორიტარულ ოლქში კი „ქართული ოცნებისა“ და „საქართველოსთვის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

ასევე, სენაკისა და წალენჯიხის საკრებულოებში უმრავლესობის ბედს მეორე ტური გადაწყვეტს.

რა ბერკეტები ექნება საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი არჩეული მერი და საკრებულოს უმრავლესობის შემადგენლობა კონკურენტი პარტიებიდან იქნებიან? მზად არიან თუ არა პარტიები თანამშრომლობისთვის და რა გვერდითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს პარტიულ მრავალფეროვნებას? – ამ საკითხებზე „პუბლიკა“ პარტიების წარმომადგენლებსა და თვითმმართველობის საკითხების ექსპერტს ესაუბრა.

რამდენად მზად არიან პარტიები თანამშრომლობისთვის?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისეთ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრი ხმა, მაგრამ ვერ აგროვებს უმრავლესობას, მნიშვნელოვანი იქნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა.

„გახარიას პარტია, „მესამე ძალა“, „ლელო“ თუ „გირჩი“ – მათთან თანამშრომლობა და ერთიანი პოლიტიკის შემუშავება მნიშვნელოვანი იქნება. ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება მათთან, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. ჩვენ უნდა შევძლოთ, ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც არის, რომ  კოალიციურ მმართველობაზე მოქალაქეების დაკვეთა შევასრულოთ“, – ამბობს ბეჟაშვილი.

პოლიტსაბჭოს წევრი იმასაც აღნიშნავს, რომ იქ, სადაც მერობის არჩევნებში გამარჯვებულად „ქართული ოცნების“ კანდიდატი გამოცხადდება, პარტიას ექნება პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ანგარიში გაუწიოს შედეგებს და ამავდროულად არ დააზიანოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესები – „საკრებულოს კი საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს, პოლიტიკური და მმართველობის სადავეები მართლა ხელში აიღოს“.

„პუბლიკამ“ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ ასევე ჰკითხა პარტიას „საქართველოსთვის“, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მოგვიანებით კი „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამცნო, რომ კოალიციის შექმნას არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გეგმავს. მან „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ღია, სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატი შესთავაზა.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე. ქალაქებმა და საკრებულოებმა უნდა იფუნქციონირონ,  ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების მიღება, საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ ნებისმიერ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში“, – თქვა გიორგი გახარიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ჟურნალისტის შეკითხვას – აღიარებს თუ არა პარტია დამარცხებას იმ ოლქებში, რომლის საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა, ასე უპასუხა:

„რაც შეეხება ამ 3 მუნიციპალიტეტს, სადაც არის ასეთი ვითარება, ამ 3 მუნიციპალიტეტშიც ჩვენ არ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, ამას აქვს ერთი მარტივი საფუძველი, შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლა იქ არიან წარმოდგენილნი, მანდატების კონკრეტული რაოდენობით, არიან მოშლის პირას. შესაბამისად, ჩვენ ამ ვითარებაში არ გაგვიჭირდება…“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

რა ბერკეტები ექნება საკრებულოს უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას?

დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ „ადმინისტრაციული რესურსის“ დიდი ნაწილი, რომლის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელისუფლება ხშირად დაუდანაშაულებიათ, სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოდის, საკრებულოებში ძალაუფლების გადანაწილება კი არჩევნების პროცესს გააჯანსაღებს.

„ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტებს აძლევს [ოპოზიციას]… მერს ძალიან სერიოზულად მოუწევს, ანგარიში გაუწიოს საკრებულოს. ანგარიში კი არა, შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე ვერც ბიუჯეტს დაამტკიცებს, ვერც ინფრასტრუქტურის პროექტებს წარადგენს, ვერც აღმასრულებელ სტრუქტურას დაამტკიცებს და, შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების ხარჯს […] საკრებულომ უნდა შეითანხმოს ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები – ყველა ამ საკითხზე უნდა შედგეს თანამშრომლობა“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში.

ირაკლი მელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ საკრებულოს მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმები აქვს – მაგალითად, მას შეუძლია ფინანსური აუდიტის მოწვევა და მერიის ფინანსური საქმიანობის შემოწმება – როგორც ყოფილი, ასევე ახალი მერისაც. მისივე თქმით, საკრებულოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს პოლიტიკის შემუშავების მხრივაც – მაგალითად, სწორედ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ისეთი სტრატეგიული დოკუმენტი, როგორიცაა მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი გეგმა (რომლის საფუძველზეც უნდა დგებოდეს ბიუჯეტი). იგი აღნიშნავს, რომ ერთპარტიული მმართველობის პირობებში ამ დოკუმენტის დამტკიცება ფორმალობად იქცა.

„როდესაც საკრებულოში უკვე ასეთი წარმომადგენლობა არის ოპოზიციის და როდესაც ოპოზიციას შეუძლია რეალურად ზემოქმედება გადაწყვეტილებებზე, ეს დოკუმენტები ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და ამან შეიძლება ხელი შეუწყოს ზუსტად იმას, რომ მუნიციპალიტეტში დაიწყონ ფიქრი არა უბრალოდ იმაზე, ცენტრალური ხელისუფლებიდან რასაც ეტყვიან, ის გააკეთონ, არამედ მუნიციპალიტეტში დაიწყონ ფიქრი განვითარებაზე“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ამასთანავე თვითმმართველობის საკითხების ექსპერტი აღნიშნავს, რომ საკრებულოს შეუძლია, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის პროცესს. მელაშვილის თქმით, საკრებულოს ხელთ არსებული მექანიზმების ეფექტიანობა მისი წევრების პროფესიონალიზმსა და მათ პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ასევე აქვს უფლება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ცენტრალური ხელისუფლების ნორმატიული აქტი არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-9 თავს. კონსტიტუციის მე-9 თავით კი განსაზღვრულია თვითმმართველობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. ირაკლი მელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის არაერთი ნორმატიული აქტი სუბსიდიარობის პრინციპს ეწინააღმდეგება, ამიტომ საკრებულოს ამ საკითხებზე შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

„მაგალითად, შეუძლია მიმართოს იმის თაობაზე, ფინანსური მოწყობა, საგადასახადო სისტემა რომ ცენტრალიზებულია და არ აქვს მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსავლები ამის გამო… ძალიან ბევრი რამის კარგად დასაბუთება შეიძლება და ამიტომ ძალიან სერიოზული პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას“, – ამბობს მელაშვილი.

მისი თქმით, მიმართვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის განხილვაზე უარის თქმა გაუჭირდება, რადგან დეცენტრალიზების საკითხები საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შორისაა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულს, არამედ ყველა მუნიციპალიტეტს მოუტანს სარგებელს.

პოლარიზაციის ფონზე, ჩნდება თუ არა რისკი იმ შემთხვევაში, თუკი მერის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს, ხოლო საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციით დაკომპლექტდება?
„რა თქმა უნდა, ძალიან დიდია რისკი. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების საკითხები გადატანილი იყო მეორე პლანზე. თუ ოპოზიცია საკრებულოს მანდატებს და საკრებულოში უმრავლესობას გამოიყენებს მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირებისათვის, მხოლოდ იმისათვის, რომ პრობლემები შექმნას და წინადადებები კი არ შესთავაზოს, არამედ პროცესი მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში გადაიყვანოს, ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან ეს თავისთავად შექმნის პრეცედენტს, რომ მოქალაქეს ათქმევინონ – „ამ ჩვენმა დემოკრატიის პატარა კუნძულებმა სინამდვილეში მოგვიტანა არაეფექტიანი მართვა“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ირაკლი მელაშვილს მაგალითად მოჰყავს ბორჯომი, სადაც მერად „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო არჩეული, ხოლო საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას ჰქონდა. როგორც ის იხსენებს, ბორჯომში ოპოზიციამ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, სახელფასო სტრუქტურა არ დაამტკიცა, რამაც მუნიციპალიტეტის პარალიზება გამოიწვია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს; მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება კი იწვევს მერის უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას. ამიტომ ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ მერები იძულებულნი გახდებიან, საკრებულოებთან ითანამშრომლონ, რადგან ხელახალი ადგილობრივი არჩევნები არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის.

მისივე თქმით, ოპოზიციას რეალურად ეძლევა შესაძლებლობა, მოსახლეობას თუნდაც რამდენიმე ოლქში მაინც დაუმტკიცოს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში მყოფ პარტიაზე უფრო ეფექტიანად იმუშავებენ – ეს გზა კი ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე გადის.