დაბა ადიგენში მცხოვრები 60–მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს

401

დაბა ადიგენში მცხოვრები 60–მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მათი თქმით დასახლებას არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ მათი ბედით არავინ ინტერესდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ავარიული კულტურის სახლი, დაზიანებული სანიაღვრე არხები, გარე განათება – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვლია, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ხუთი წელია ითხოვს.

„სანიაღვრე არხი გაგვიკეთეს, ორი თვე არ უმუშავია, მილები გაიბიდნა, წყალი და ნაგავი ეზოებსა და სახლებს ტბორავს. სამანქანო გზა დაზიანებულია, გარე განათება არ არის. ვინც გამგეობაში მუშაობს ყველას სახლამდე მიიყვანეს შუქი, ჩვენთან არა. ბავშვებს სკოლაში ჰქონდათ ერთი სტადიონი ისიც დაუკეტეს. სად ითამაშონ, ტრასაზე გავუშვათ?! გამგეობაში ვითხოვთ დახმარებას და ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გაუშვებენ–ხოლმე. სულ ერთი და იგივე პასუხი გვაქვს მათგან – თანხა არ არის, ვერ შეგპირდებითო“, – ამბობს დაბა ადიგენში მცხოვრები ალექსი ლობჯანიძე.

მისივე თქმით, დასახლებაში პრობლემას ავარიული კინოთეატრის შენობაც უქმნით, დღემდე მოუგვარებელია სასმელი წყლის საკითხიც.

„ამ კინოთეატრში ვინმე, რომ დაშავდება, მერე მოვლენ და გაუკვირდებათ. ორი წელია იძახიან მუდმივი წყალი გაგიკეთეთო და ჩვენ ეს არ გვინახავს, ყოველდღიურად 20 წუთით მოდის და ისევ კეტავენ. მერი [ზაქარია ენდელაძე] ერთხელ არ ამოსულა, არ იცის ჩვენ უბანში რა ხდება“, – ამბობს იგი.

მოსახლეობა ამბობს, რომ ადიგენის მერიიდან და საკრებულოდან მათთან მხოლოდ წინასაარჩევნოდ მიდიან და დაპირებებს იძლევიან, შემდეგ კი მომავალ არჩევნებამდე იკარგებიან.

„ყველა არჩევნებზე გვპირდებიან, გაკეთდება, გაკეთდებაო, მარტო თავის სოფლებს [გულისხმობს მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს] აკეთებენ. დუბაი აქვთ გახსნილი თავიანთ სოფლებში, ამ უბანში არავინ არ ამოდის.  ბავშვები ქუჩაში გვყავს, ისეთ ადგილებზე აქვთ ატრაქციონები გაკეთებული, საერთოდ ბავშვი, რომ არ არსებობს, გორებზე. გვინდა ადიგენის ზედა უბანსაც მიაქციონ ყურადღება. ბევრჯერ მიგვიმართავს მერიისთვის, მაგრამ აზრი?!“, – ამბობს ადგილობრივი მზია ჭიღლაძე.