ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ბრალდებას უარყოფს

508

წინა სტატია

ქუთაისის მერია თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელშიც სარალიძე მერიას მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

“ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში პირველ რიგში დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას, ქუთაისის მერიის წინააღმდეგ ბრალდება არცერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს”- წერია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

ზაზა სარალიძემ ქუთაისის მერიის მისამართით ბრალდება 10 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე გააჟღერა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

ზაზა სარალიძე განაჩენით უკმაყოფილოა და 31 მაისის შემდეგ აქციებს მართავს. მას სხვადასხვა ოპოზიციური პარტია შეუერთდა, ,მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც, რომლებიც ზოგჯერ მთავრობის გადადგომას, ზოგჯერ კი კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ.