თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სარალიძემ 10 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადა.
სარალიძის თქმით, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლისაგან განცხადების გაკეთებას ითხოვდა, ასევე ზეწოლა ახდენდა ქუთაისის კიდევ ერთი თანამშრომელი მის დაზე.
“ზუსტად არ ვიცი, მერი იყო თუ მერის მოადგილე, ჩემი ოჯახის წევრთან მივიდა და რაღაც კომუნიკაციის დამყარება უნდოდათ, შემოვლითი გზით ჩემთან. ისიც უთქვამთ, თქვენ და თქვენი და ხო არ გააკეთებთ რაიმე კომენტარსო. აძალებდნენ, ფაქტიურად, ამ ადამიანს, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ გაეკეთებინა კომენტარი… ჩემს მეუღლეს უნდა გაეკეთებინა კომენტარი ჩემი დისკრედიტაციისათვის”, – თქვა სარალიძემ აქციაზე.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენით, ერთ-ერთი ბრალდებული დამნაშვედ ცნობილია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, მეორე არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით.
ზაზა სარალიძე განაჩენით უკმაყოფილოა და 31 მაისის შემდეგ აქციებს მართავს. მას სხვადასხვა ოპოზიციური პარტია შეუერთდა, ,მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც, რომლებიც ზოგჯერ მთავრობის გადადგომას, ზოგჯერ კი კონკრეტული მინისტრის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვენ.