ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 407 ათას 830 ლარია. დაგეგმილი სამუშაოები ყინულის მოედნის ანძური განათების და გაყინვის სისტემის მოწყობას გულისხმობს. ამის შესახებ “ლაივპრესი” წერს.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 86 კალენდარული დღით განისაზღვრა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებზე საგარანტიო ვადა 3 სამი წელია, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაშიც რაიმე ნაკლის, დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გამოასწოროს ვითარება, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირებით გამოწვეული ცვეთისა და გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში. ასევე, ექსპლუატაციის წესების დარღვევის შემთხვევაში.
წინადადებების მიღება 23 ივნისს იწყება და ხუთ დღეში დასრულდება.
ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის ზუგდიდის საკრებულო 387 ათას 453 ლარის გამოყოფას 1 ივნისის სხდომაზე დაუჭირა მხარი .