სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ
ავტორები: თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე
ადიგენში, სოფელ კიკიბოში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი სოფელია, გაკვეთილებს რკინის ვაგონში ატარებენ. იქ არც შუქი და არც წყალი აქვთ.
მთის ფერდობზე, ხის ძველი შენობის გვერდით, ერთადერთი ფანჯრით და ორსაფეხურიანი ხის პატარა კიბით, ჟანგიანი ვაგონი დგას. ეს კიკიბოს დაწყებითი სკოლაა და აქ მხოლოდ ერთი მოსწავლე – რამინ გობაძე სწავლობს: „მე ორი სახელი მაქვს – რამინი და მაჰმუდი. მომწონს როცა მაჰმუდს მეძახიან, წმინდანის სახელია. ძალიან მიყვარს მათემატიკა. მინდა პოლიციელი გამოვიდე და ქურდები დავიჭირო“.
მისი ოცნებაა მოტოციკლი, ან ველოსიპედი ჰქონდეს: „ზედ გამოვაბამ „კაჭკას“ და ვატარებ“.
ვაგონში, რომელსაც ძნელია, სკოლა უწოდო, გასულ წელს ექვსი მოსწავლე სწავლობდა, აქედან ოთხმა დაწყებითი კლასი დაასრულა და სწავლა დერცელის საჯარო სკოლაში გააგრძელა, ერთი კი საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.
“თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე შევეჩვიე, რომ მარტო ერთი მოსწავლე დამრჩა და მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება. ვმეცადინეობთ, მინდა, რომ კარგი ბიჭი გაიზარდოს, თავისუფალ დროს ჭადრაკსაც ვასწავლი“, – ამბობს კიკიბოს სკოლის ერთადერთი მასწავლებელი ნანა მაცაბერიძე.
მისი თქმით, სკოლაში არსებული მძიმე პირობების გამო, ხშირად იმ აქტივობებს ვერ ახორციელებს, რომელიც დაგეგმილი აქვს: „გასართობი აქ არაფერია. ერთი ბურთი გვქონდა და ისიც გასკდა. შუქიც არ გვაქვს, ზამთარში და ნისლიან ამინდებში, როცა გარეთ სიბნელეა, მოსწავლეს ფანჯარასთან ვსვამ, რომ დაწეროს“.
ნანა კიკიბოს სკოლაში სამუშაოდ სამი წლის წინ ახალციხიდან წავიდა: „ჩემი ყოფილი მოსწავლეების სახლში ვცხოვრობ, ძალიან კარგი ოჯახია, ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჩემს ახლობლებს ეგონათ, რომ მთას ვერ შევეჩვეოდი, მაგრამ როგორც ხედავთ, ამდენი წელი გავიდა და კიდევ აქ ვარ“.
კიკიბოს სკოლის ერთადერთი მოსწავლე და მასწავლებელი სკოლაში ყოველ დილით ერთად მიდიან. ტალახიან გზას ბოტებით გადიან, სკოლაში კი ჩუსტებს იცვამენ.
“არ მინდა ოთახი რომ დაისვაროს”, – ამბობს ნანა მაცაბერიძე და წითელ ჩუსტებზე გვითითებს – “გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ისევ ბოტებს ჩავიცვამ”.
კიკიბო ზღვის დონიდან 1 520 მეტრის სიმაღელზეა. სოფლამდე მისასვლელად შუაგულ ტყეში მდებარე სახიფათო და დამეწყრილი გზა უნდა გაიარო. აქ სულ რვა ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ. ესაა გობაძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც. ვიდრე რამინი სკოლაშია, დედა – დალი ხარაბაძე ტყეში საქონელს მწყემსავს: „15 სული ძროხა მყავს. ხან მე ვაძოვებ, ხან – ჩემი ქმარი. დღეს ჩემს მეუღლეს საქმე ჰქონდა და სახლში დარჩა, ამიტომ მე წავედი. საღამოს მივალ სახლში, ძროხებს მოვწველი და რამინს გაკვეთილებს ვასწავლი. მარტო დარჩა ჩემი შვილი, მინდა, მის განათლებაზე ვიზრუნო, მაგრამ არ არის ამის შესაძლებლობა“.
რამინ გობაძეს სკოლაში სიარული მომავალ წელსაც მარტო მოუწევს. 2018-2019 სასწავლო წელს კიკიბოს დაწყებით სკოლას, რომელიც დერცელის სკოლასაა მიერთებული, პირველკლასელი არ ეყოლება.