ზუგდიდის რამდნიმე ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი ადგილების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩები ნაგავსაყრელად იქცა და მას არავინ ასუფთავებს. ინფორმაციას ტელეკომპანია ოდიში ავრცელებს.
ადგილობრივთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს.
ასევე, საკუთარ ქუჩაზე სანაგვე ურნების არარსებობას უჩივიან, მათი თქმით რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ იმისთის, რომ დაგროვილი ნაგავი ურნაში მოათავსონ, მოსახლეობის იმ ნაწილს კი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამის გაკეთება არ შეუძლია.
მცხოვრებლები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის უწყებას, თუმცა თხოვნას რეაგირება არ მოყოლია.
თეთრი გიორგის, გორის, პარიზის, ლენინგრადის ქუჩების, ასევე კომბინატის 1 უბნისა და ფაიფურის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას ითხოვენ, მათი თქმით საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური საფრთხის პირობებში კიდევ დამატებიითი პრობლემები შეექმნებათ.
ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი მოსახლეობის ნაწილს ქალაქის ცენტრშიც გაესაუბრა, მათი თქმით ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და ნაგვის გატანა რიგ შემთხევევბში დროულად არ ხდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი ნუგზარ მალაშხიას თქმით, აღნიშნულ ქუჩებში ძირითადად სამშენებლო ნაგავია დაყრილი, თუმცა კადრებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებია მიმოფანტული.
ნუგზარ მალაშხია ტელეკომპანიის მიერ დასმულ შეკითხვებზე თავის გამართლებას შეეცადა, თუმცა რეალობა რეალობად რჩება.
მალაშხია ასევე აცხადებს, რომ ნაგვისთვის ქალაქში არასაკმარისი რაოდენობის ურნებია და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ნაგვის ურნების არსებობის პირობებშიც კი ნაგვის გატანა ტერიტორიიდან დროულად არ ხდება.