კვლევა: მოსახლეობა ყველაზე პოზიტიურად ავტომაგისტრალების, ყველაზე ნეგატიურად კი დასახლების შიდა გზების მდგომარეობას ასახელებს

2147

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ინფრასტრუქტურის ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 3.2 ქულით 76-ე ადგილზეა. რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები (5.7), ხოლო ბოლოს – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იკავებს (1.8). მოცემული ინდექსი აერთიანებს როგორც სახმელეთო, საჰაერო და საპორტო, ისე ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურას. შეფასება ხდება ეკონომიკის ყველა სფეროს ინფრასტრუქტურის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მაჩვენებელზე დაყრდნობით.

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს საგზაო ინფრასტრუქტურას. კვლევის ფარგლებში რესპოდენტებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ დასახლების შიდა და სახელმწიფო მნიშვნელობის გზები, ავტომაგისტრალები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მისი ღირებულება, ასევე, საგზაო ნიშნები, შუქნიშნები, განათება და სახლების ნუმერაცია. ამავე კვლევის 2013 და 2015 წლების შედეგების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტრუქტურის პოზიტიური შეფასების მაჩვენებელი მცირედით, მაგრამ ტენდენციურად მზარდია.

მოსახლეობა ყველაზე პოზიტიურად ავტომაგისტრალების მდგომარეობას აფასებს (89%), ყველაზე ნეგატიურად კი დასახლების შიდა გზებს (43%). რა თქმა უნდა, შიდა გზების მდგომარეობა განსაკუთრებულად სოფლის მცხოვრებლებს აწუხებთ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კმაყოფილია როგორც ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირით, ისე ფასის ხელმისაწვდომობით (81%-81%). ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთში და აჭარაში ფიქსირდება. რაც შეეხება დედაქალაქის მოსახლეობას, უმრავლესობისთვის ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე დამაკმაყოფილებელია (82%), მაგრამ მხოლოდ 33% თვლის ტრანსპორტის ფასს ხელმისაწვდომად.

დამატებითი საგზაო ინფრასტრუქტურიდან, ყველაზე პრობლემატური შუქნიშნებია – მოსახლეობის 42% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სარეთოდ არ არის შუქნიშნები; რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით, რეგიონებში გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე თბილისში. 25% საგზაო ნიშნების არარსებობაზე საუბრობს, ქუჩებზე ნუმერაციის არქონას გამოკითხულთა 38% აფიქსირებს, 15% კი ამბობს, რომ მათ დასახლებაში არ არის გარეგანათება.