ქობულეთში სანაპიროსთან მდებარე უსახური ობიექტების დემონტაჟს ითხოვენ

679

ქობულეთის მცხოვრებლები სანაპიროს უსახური ობიექტებისგან გათავისუფლებას ითხოვენ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მიტოვებული მსუბუქი და კაპიტალური კონსტრუქციები ქობულეთის სანაპიროზე – ეს ის ობიექტებია რომელთა მფლობელებსაც 10-წლიანი იჯარის ვადა ამოეწურათ, თუმცა კონსტრუქციები არ დაშალეს.

ტურისტულ სეზონზე რესტორნებად და კაფეებად გარდაქმნილი ობიექტები, წელიწადის დანარჩენ დროს ანტისანიტარიის კერაა. ქობულეთის მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ პლაჟზე მსგავსი ტიპის ნაგებობები საერთოდ არ უნდა განთავსდეს, რადგან საზოგადოებრივი სივრცეა და ბეტონის ნაგებობები დისკომფორტს ქმნის.

როგორც ქობულეთის თვითმმართველ ორგანოში აცხადებენ მსგავსი ტიპის 54 საზაფხულო კონსტრუქციის მოშლა მოახერხეს, დარჩენილი კაპიტალური ობიექტების დემონტაჟს კი მაშინ გეგმავენ, როდესაც ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყება.