ახალციხის მერიამ N2 საბავშვო ბაღის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. თვითმმართველობამ სამხარაულის ექსტეპრტიზის ბიუროს რეკომენდაცია გაითვალისწინა, შესაბამისად, ძველის ნაცვლად თამარაშვილის ქუჩაზე ახალი ბაღი აშენდება. ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება დემონტაჟი. შენობის რეაბლიტაციისთვის მიმდინარე წელს გამოყოფილი 930 000 ლარი სხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავცრელებს.
აღნიშნულის შესახებ, 28 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, მერის მოადგილემ, ილია ზარდიაშვილმა განაცხადა.
„აქ ორ სხვადასხვა დასკვნაზეა საუბარი.. ჩვენ გვქონდა ასეთი კითხვა: რეაბილიტაცია უფრო რენტაბელურია თუ მის ნაცვლად ახლის აშენება. მივიღეთ რეკომენდაცია, რომ შეუძლებელი არაფერია, რეაბილიტაცია არის შესაძლებელი, თუმცა ის თანხა რაც რეაბილიტაციაზე უნდა დაიხარჯოს უმჯობესია ახლის აშენებას მოხმარდეს“,- განაცხადა ზარდიაშვილმა.
მისივე განცხადებით, რეაბილიტაციისთვის გამოყოფილიყო თანხის არსებობას ბიუჯეტში აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ 930 000 ლარი სხვადასხვა მუხლში გადანაწილდა.
კითხვაზე, როდის მოხდება დემონტაჟი ზარდიაშვილი ასე პასუხობს: – „ცალსახად გადაწყვეტილება არის, რომ ახალი ბაღი უნდა მივიღოთ ამ სივრცეში. გარკვეულ სამზადისში ვართ. შეიძლება თანხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყოს. ნუ, ეს ჯერ პერსპექტიული საკითხია და არ არის გადაწყვეტილი“.
როგორც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტა ჯერჯერობით ბაღი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
„ამ ეტაპზე სწავლა მიმდინარეობს პროცედურულად, როდესაც გადაწყდება ეს ყველაფერი, შემდეგ მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა“,- თქვა მარინა მერაბიშვილმა.