ყვარლიდან 12 კილომეტრში „დაკარგული“ ისტორიული სოფლის გასაჭირი

2162

ერთი შეხედვით,  ჩვეულებრივი გზაა, ისეთი, საქართველოს ძალიან ბევრ სოფელში რომ გვხვდება. არცთუ  განიერი და არც ვიწრო, მაგრამ საპირისპიროდ მიმავალი მანქანები ადვილად გაივლიან. ამ მხრივ პრობლემა არ არის, მაგრამ  წვიმასა და ცუდ ამინდში აქ გავლა შეუძლებელი ხდება. უსწორმასწორო ნიადაგზე  საკმაოდ ღრმა გუბეები დგება, ტალახი იზილება და ვიდრე მზე არ გამოვა და ტალახს არ გააშრობს, ამ გზაზე მოხვედრილებს თავბედს აწყევლინებს. ამიტომაც აქ წვიმას შიშით უყურებენ, არადა, სოფელში წყალიც იშვიათად მოდის და ხშირად ამ წვიმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ აღარ იციან, რა ინატრონ, წყალი, გზა, წვიმა, რამდენიმე ნორმალური ბოძი დენის გაყვანილობისთვის, რომ  ქარის დაბერვაზე დენის გარეშე არ რჩებოდნენ, თუ ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს მოუგვარებს.

არადა,  სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა და  იმაზეც მიუთითა, თუ ეს პრობლემები როგორ მოეგვარებინა. თავად კი ფიზიკურად მუშაობის მზადყოფნაც გამოთქვა, მაგრამ ამაოდ.

ეს სოფელი, რომელსაც არც გზა აქვს, არც წყალი და  ხშირად არც დენი, არც ექიმი ჰყავთ და არც ამბულატორია აქვთ,  ყვარლიდან სულ 12 კილომეტრში მდებარეობს და  მსოფლიო ეთნოკულტურისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს, რადგან აქ, სოფელ ზინობიანში, კომპაქტურად ცხოვრებენ უდები (უდინები), რომელთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში სულ ათი ათასამდეა.

ზინობიანი – უნიკალური ისტორიის მქონე სოფელი

ალაზნის მარცხენა სანაპირო, სადაც ზინობიანი მდებარეობს, ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ყველა ეთნოსს ქართული კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ამ შემთხვევაში, საინტერესო სოფელი ზინობიანია, სადაც უდები კომპაქტურად ცხოვრობენ. მთელ მსოფლიოში უდები ძალიან ცოტაა დარჩენილი და  მათ ერთ-ერთ მთავარ კომპაქტურ დასახლებას სწორედ ეს სოფელი წარმოადგენს.

უდები ყოფილი კავკასიის ალბანეთის მემკვიდრე ეთნოსია. მრავალი საუკუნის წინ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანეთის სახელმწიფო მდებარეობდა. ალბანელები ძლევამოსილი მებრძოლები იყვნენ და სხვადასხვა დროს ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი ლაშქრობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ალბანეთი კავკასიის აღმოსავლეთ საზღვარს ამაგრებდა. ყველა გავლენიანი აღმოსავლური იმპერიის პირველი შემოტევის მოგერიება სწორედ მას უწევდა. ისლამური სამეფოების მომძლავრებამ და ინტენსიურმა შემოტევებმა ალბანეთის ისტორიას წერტილი დაუსვა. მეორე ათასწლეულის დასაწყისისთვის ალბანურმა ტომებმა იდენტობა დაკარგეს, თუმცა, ამას ენისა და კულტურის ბოლომდე მოსპობა მაინც არ მოჰყოლია.

თანამედროვე მსოფლიოში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც ალბანელთა მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია. მათ უდები (უდინები) ეწოდებათ. უხეში გათვლებით, დედამიწაზე უდების საერთო რაოდენობა 10 000-ს აღწევს, მაგრამ ისინი, უმეტესად, გაფანტულად ცხოვრობენ. მთელ მსოფლიოში სამი სოფელიღაა, სადაც უდები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. ამგვარ დასახლებათა შორის ერთ-ერთი, ზინობიანი, საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დანარჩენი ორი კი – აზერბაიჯანში.

სოფელ ზინობიანში, 2014 წლის აღწერით, 337 უდი – 180 კაცი და 157 ქალი, ცხოვრობს. 2002 წლის მონაცმებით კი, მათი რაოდენობა 412 იყო – 204 კაცი და 208 ქალი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოში სულ 900-მდე უდი ცხოვრობს. დანარჩენი კი საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაშია გაფანტული.

უდების ეს ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ამ ხალხს დღემდე შემონახული აქვს უძველესი, 51 ასობგერიანი, უნიკალური ფონეტიკური სისტემის მქონე ენა და კულტურის გამოკვეთილად განვითარებული ნიშნები.

უდების მეორე მიმართულება  – მონოფიზიტი უდები აზერბაიჯანში, სოფელ ნეჟში ცხოვრობენ.

უგზოობა, უწყლოობა და უექიმობა – XXI საუკუნის სოფლის პრობლემები

ამ  მსოფლიო მნიშვნელობის სოფელში კი ეს ეთნოსი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს და ხელისუფლებისგან მხოლოდ მცირე ყურადღებას და მინიმალური საჭიროებების მოგვარებას – გზის მოხრეშვას, წყალმომარაგებასა და ექიმით უზრუნველყოფას ითხოვს. რაც მთავარია, ისინი პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი, ადგილობრივ ხელისუფლებას წერილებს სწერენ და ამ პრობლემების მოგვარებაში საკუთარი ფიზიკური ძალის გამოყენებას სთავაზობენ. აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტს, რომელსაც ტექნიკაც აქვს და ხრეშიც, გზის გაკეთება არ უნდა უჭირდეს. 

„გასული ზაფხულიდან მოყოლებული, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემი სოფლის გზის მოხრეშვას. მოსახლეობამ განცხადებაც დავწერეთ, შევიტანეთ მაშინდელ გამგეობაში, ახლა მერიაა. წვიმის დროს, უბრალოდ, შეუძლებელია გადაადგილება. მუნიციპალიტეტში მოიპოვება ხრეში, რომელიც დურუჯის კალაპოტის გაწმენდის შედეგად ამოდის. ასევე, მუნციპალიტეტს აქვს გრეიდერი, რომელიც გზის მოსწორებისთვის შეიძლება, გამოიყენონ.  სოფლის მოსახლეობა მზად ვიყავით, რომ ფიზიკური ძალით, თუნდაც ფინანსებით, თანამონაწილეები ვყოფილიყავით. ეს განცხადებაშიც მივუთითეთ, თუმცა, ამ გზის გაკეთებას დღემდე არ დაადგა საშველი,“ – ამბობს ზინობიანის ერთ-ერთი მცხოვრები.

სხვები, გზის გარდა, უწყლოობასა და დენის მიწოდების პრობლემებზე საუბრობენ.

„წყალი ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს მოდის. დენის ბოძები და მავთულები ისეთ მდგომარეობაშია, ქარიან და წვიმიან ამინდში ელექტროენერგია ითიშება,“ – ამბობენ ისინი.

„რა გითხრათ, გარეგანათება გვინდა, წყალი გვინდა, გზა გვინდა, ამბულატორია არ არის, ექიმი არ გვყავს. ვინმე ცუდად რომ გახდეს, სადმე რომ მოვინდომოთ წაყვანა, ამ გზების შემხედვარე, სად წაიყვან? რომელი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს, ჩვენთვის ვერავინ იცლის,“ –  ამბობენ ზინობიანის მცხოვრებლები.

უფულო მუნიციპალიტეტი, რომელსაც გზის მოსახრეშად ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსება სჭირდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში droa.ge-თან ამბობენ, რომ  მათ ამ პრობლემების შესახებ იციან და დახმარებას ცდილობენ, თუმცა, მუნიციპალიტეტს არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ  ყველა სოფლის საჭიროება დააკმაყოფილოს.

„ბაღის მიმდებარე ტერიტორია იყო გასასუფთავებელი. რამდენიმე თვის წინ ჩვენი ბულდოზერით გავასუფთავებინეთ. შემდეგ ეს ეზო ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა. რა თქმა უნდა, გზებიც არის მოსახრეში. ეს ყველაფერი არის შესწავლილი და შესაბამისი თანხის ქონის შემთხვევაში, მოხდება ამ გზების რეაბილიტაცია. ახლა მხოლოდ მოხრეშვაზე ვფიქრობთ, თორემ მოასფალტება, თქვენც იცით, რომ ძალიან ძვირი ჯდება და ამის საშუალება ნამდვილად არა აქვს ახლა მუნიციპალიტეტს და ბიუჯეტს. შესაბამისად, რაც შესაძლებელია, მათთან გვაქვს კომუნიკაცია და ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ და პრობლემები მოვაგვაროთ. რისი საშუალებაც გვაქვს, ყველაზე თანაბრად ვანაწილებთ“, – ამობს droa.ge-თან საუბრისას ყვარლის მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი. მისი ინფორმაციით, დაგეგმილია პატარა სკვერის მოწყობაც, რაც თავად მოსახლეობამ მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან, კერძოდ კი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ ეტაპზე 8 პროექტი აქვს დაფინანსებული. მათგან 7 პროექტი სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ამ დროისთვის ყვარელს პროექტების განსახორციელებლად 2 007 847 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, ასევე, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი. თუმცა, ამ სიაში არ არის ზინობიანი, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა გზის შეკეთებას უკვე წელიწადზე მეტია, ითხოვს.

გივი ზაუტაშვილი კი ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართავენ, რაც პროექტი მომზადდება და ეცოდინებათ, რა თანხაა საჭირო.

„ახლა მიდის სამუშაოები პროექტის გასაკეთებლად და პროექტი რომ გაკეთდება, მერე გვეცოდინება, რა თანხაა საჭირო და რა უნდა მოვითხოვოთ. ჩვენი ბიუჯეტი ისეთი მწირია, რომ აქედან რამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით ვაკეთებთ და ეს პროექტიც ამ ფონდიდან დაფინანსდება. ახლა სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ხარჯები დავითვალოთ, პროექტი მოვამზადოთ და წარვადგინოთ“, – ამბობს ზაუტაშვილი.

ბარიერები, რომელიც უნდა გადალახოს უფულო მუნიციპალიტეტმა, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება მოიპოვოს

იმისათვის, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტმა ასეთი მცირე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლადაც კი დაფინანსება მოიპოვოს, არაერთი პროცედურა და ბარიერი უნდა გადალახოს: 1. შეიმუშაოს პროექტი; 2. წარუდგინოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას; 3. კომისიამ, დანარჩენ მუნიციპალიტეტთან ერთად, უნდა განიხილოს და თანხმობა თქვას პროექტის დაფინანსებაზე; 4. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს პროექტი, სხვა მოწონებულ პროექტებთან ერთად, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობის სხდომაზე უნდა გაიტანოს; 5. მთავრობის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამისი მუხლიდან (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან) თანხა უნდა გამოყოს. 6. თანხის გამოყოფის შემდეგ მუნიციპალიტეტმა ტენდერი უნდა გამოაცხადოს, რომლის დასრულების შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია სამუშაოების შესრულებას დაიწყებს.

რაც მთავარია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ლიმიტირებულია და პროექტებზე თანხის განაწილება, უმეტესად, წლის დასაწყისში ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, რადგან ყვარლის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტის ამ მუხლიდან 8 პროექტი უკვე დაფინანსებული აქვს, სხვა პროექტებს მხოლოდ გაისად თუ დაუფინანსებენ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ რეგგანვითარების სამთავრობო კომისია პროექტს მოიწონებს და მთავრობა – დაამტკიცებს. ანუ ზინობიანელებს, ისევე, როგორც ამგვარი პრობლემებით შეწუხებულ სხვა სოფლების მოსახლეობას, კიდევ დიდი ხნის ლოდინი მოუწევთ, როდის დადგება მათი ჯერიც.

როგორ შეიძლება პრობლემის, თუნდაც დროებით, მარტივად და მცირე დანახარჯებით მოგვარება?

თუმცა, მანამდე, სანამ ყვარლის მერია მთელ ამ პროცედურებს გაივლის, პრობლემის თუნდაც დროებით მოგვარების მარტივი გზა არსებობს – როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხნის წინ მდინარე დურუჯის კალაპოტი გაიწმინდა, საიდანაც, როგორც droa.ge-მ გაარკვია, 2 მილიონ კუბამეტრზე მეტი ნაშალი ამოიღეს. გზის მოხრეშვაც სწორედ ამ მასალით არის შესაძლებელი. პრინციპში, ამასვე ითხოვს მოსახლეობა წერილში, რომლითაც შარშან ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს.

droa.ge-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დურუჯიდან ამოღებული ნაშალით და მოსახლეობის ჩართულობით, მუნიციპალიტეტმა დროებით მაინც მოაგვაროს პრობლემა, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ მდინარე დურუჯის კალაპოტის გაწმენდაზე ტენდერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა, ამიტომაც, იქედან ამოღებული მასალა მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის და შესაძლოა, თავად გზების დეპარტამენტს ჰქონდეს მასთან დაკავშირებით თავისი გეგმები.

ინფორმაციის ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მდინარიდან ამოღებული ნაშალის ნაწილით მდინარის ნაპირდაცვა გაკეთდა, ნაწილი კი თავისუფალია, თუმცა, ვის შეიძლება ის ეკუთვნოდეს, ამაზე პასუხი არ აქვს, ისევე, როგორც იმაზე, გამოდგება თუ არა ეს მასალა გზების მოსახრეშად.

იმის გასარკვევად, რამდენად ვარგისია დურუჯიდან ამოღებული მასალა გზების დროებით მოსაწესრიგებლად, droa.ge სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასაც დაუკავშირდა. შპს „ჯორჯიან ენერჯის“ დირექტორმა, ზვიად ჩხობაძემ გვითხრა, რომ ამოღებული მასალა ნაშალი ქვაა, რომელიც გზების მოსახრეშად იდეალურია. მისი ინფორმაციით, ნაწილით მდინარეზე დამბები გაკეთდა, რაც მოსახლეობას დატბორვისგან დაიცავს, ნაწილი კი იქვეა დასაწყობებული და, თუ მუნიციპალიტეტი მის გამოყენებას გადაწყვეტს, წესით, პრობლემა არ უნდა შეიქმნას.

ახლა მთავარია, გაირკვას, ვის უნდა სთხოვოს მუნიციპალიტეტმა ნებართვა მის გამოყენებაზე. ადგილობრივი მოსახლეობა კი, როგორც უკვე გითხარით, მზადაა, სამუშაო თავად შეასრულოს.

ბოლო წლებში მოქალაქეებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის არაერთი კარგი მაგალითი არსებობს, განსაკუთრებით, მაღალმთიან აჭარაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, პროექტებიც შედგა და, არათუ მოიხრეშა, ბეტონის გზები დაიგო. ადგილობრივი ხელისუფლება პროექტს ადგენს, საჭირო მუნიციპალურ ტექნიკას გამოყოფს, მოსახლეობა ფიზიკურად მუშაობს, ხოლო მასალისთვის შესაძენ თანხას ან გრანტის სახით შოულობენ, ან – სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით. ყვარლის მერიას ამ გამოცდილების გაზიარება თავისუფლად შეუძლია, მით უფრო, რომ მის მუნიციპალიტეტში გზების მოსახრეში რესურსი ბუნებრივად არსებობს.

უუფლებო მუნიციპალიტეტი, რომელმაც ამბულატორიის მოწყობა ჯანდაცვის სამინისტროს უნდა სთხოვოს

რაც შეეხება ამბულატორიას, როგორც მერის მოადგილე, გივი ზაუტაშვილი ამბობს, სოფელში ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამბულატორიის საკითხი მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის და ამ  პრობლემის მოსაგვარებლად, ფინანსური რესურსის გარდა, უფლებამოსილების პრობლემაც დგას.

როგორც ცნობილია, სოფლის ექიმისა და ამბულატორიის პროგრამა ჯერაც ცენტრალიზებულია და ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებში შედის. სამინისტრო ამ უფლებამოსილების, თუნდაც დელეგირების სახით, მუნიციპალიტეტებზე გადაცემას, ჯერჯერობით, არ გეგმავს.

უკვე ნახევარ წელზე მეტია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს. ჯერ არ არის ცნობილი, როდისთვის იქნება ეს სტრატეგია მზად,  როდის დაიწყებს მთავრობა ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესს და იქნება თუ არა საერთოდ ჯანდაცვის დეცენტრალიზაცია ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი.

ამასობაში კი, ზინობიანის მოსახლეობა, ქვეყნის არაერთი სხვა სოფლის მოსახლეობის მსგავსად, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად მეზობელ სოფლებამდე კილომეტრებს გადის და, როგორც ჩანს, ასე სიარული კიდევ დიდხანს მოუწევს.

პრობლემის სათავე – უფულო, უქონელი და მცირე უფლებამოსილების მქონე თვითმმართველობები

როგორც ხედავთ, ყვარელშიც, ისევე, როგორც ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში, ბევრი პრობლემა სწორედ თვითმმართველობის უფლებამოსილებებთან, ქონებასა და ფინანსურ უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.

წლების განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7-10 მილიონ ლარს შორის მერყეობს. აქედან საკმაოდ დიდი ნაწილი, გათანაბრებითი ტრანსფერის სახით, ისევ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაა. ცენტრალური ბიუჯეტიდანვე, კაპიტალური ტრანსფერის სახით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობაც. ეს კი იმიტომ, რომ თავად მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსავლები ძალიან მწირი აქვს – მის ძირითად შემოსავალს ქონების გადასახადი და მეწარმე ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს. ადგილობრივი მოსაკრებლებიდან შესული თანხა კი იმდენად მცირეა – წლიურად 600 ათასი ლარი, რომ მისი სათვალავში გაყვანაც სასაცილოა.

როდემდე იქნებიან ყვარლის და სხვა მუნიციპალიტეტები ამ მდგომარეობაში, ეს, ისევ და ისევ, ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელმაც, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 27 წლის თავზე მაინც, უნდა გადაწყვიტოს ფინანსების, ქონებისა და, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების ხელიდან გაშვება და ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადანაწილება. თუ არადა, ზინობიანის და სხვა მრავალი სოფლის მოსახლეობას  წლობით მოუწევს ლოდინი, როდის მოიცლიან მათთვის.