ყვარლის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული 8 პროექტიდან 7 სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. ამ დროისთვის ყვარელს პროექტების განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 007 847 ლარი აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხით საბავშვო ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა დაგეგმილი.
მიმდინარე წელს სოფელ კუჭატანში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა მოასფალტდება, რისთვისაც რეგფონდიდან 222,028 ლარი გამოიყოფა. დაგეგმილია, ასევე, სოფელ შაქრიანში ცენტრალური გზის მოწესრიგებაც. აღნიშნულ პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 58,513 ლარი დაიხარჯება. მოასფალტება, აგრეთვე, ბალღოჯიანთან მისასვლელი საავტომობილო გზის მესამე მონაკვეთიც. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 475,000 ლარია განსაზღვრული.
რაც შეეხება წყალმომარაგების პროექტებს, 2018 წელს სოფელ ენისელში სასმელი წყლის რეზერვუარამდე ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა და გამრიცხველიანებაა დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 276,344 ლარი დაიხარჯება. გამრიცხველიანდება სოფელ საბუეში სასმელი წყლის ქსელიც. ამ სამუშაოებისთვის რეგფონდიდან 153,182 ლარი გამოიყოფა.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ყვარელში N3 საბავშვო ბაგა-ბაღს (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 315,372 ლარია), ახალსოფლის მე-2 საბავშვო ბაღს (რეგფონდი სამუშაოებს 372,724 ლარით დააფინანსებს) და გრემის საბავშვო ბაღს (ცენტრალური ბიუჯეტი სამუშაოებისთვის 134,684 ლარს გამოყოფს).
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მასშტაბით, ჯამში, ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.