გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟებას გეგმავს. სადგურის საშუალებით, ადგილზე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერებების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი) კონცენტრაციები.
ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში მოხდება, მიღებული შედეგები კი საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად შეფასდება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, მარინა არაბიძესა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტო თანამედროვე სტაციონალურ ავტომატურ სადგურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამონტაჟებს.
ახალი მობილური სადგურით, ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა ქვეყნის ყველა რეგიონში გახდება შესაძლებელი.