გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციას შენობის დემონტაჟის საშუალებას არ აძლევენ

684

წინა სტატია

გურჯაანის ბაზრის მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ და ადმინისტრაციას უპირისპირდებიან. მოვაჭრეები ბაზართან არიან შეკრებილები. ადგილზე შენობის დემონტაჟისთვის ბაზრის ადმინისტრაციამ მუშებიც მიიყვანა, თუმცა მოვაჭრეებმა სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცეს. ამის გამო, გურჯაანის ბაზარში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მოვაჭრეების თქმით, ტერიტორიიდან გასვლას არ აპირებენ და შესაბამისად ფართის დანგრევის საშუალებას არ მისცემენ, რადგან პროდუქციის გასაყიდად სხვა ალტერნატიული ადგილი არ გააჩნიათ.

“ვიცით, რომ დაკანონებული არ აქვთ ეს ტერიტორია და აქედან გასვლას არ ვაპირებთ. ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ბაზრიდან მოგება არ აქვს და საჭიროა ჩვენი აქედან გასვლა. მუქარითაც ცდილობენ ჩვენს გაშვებას, მაგრამ არ წავალთ. რომ წავიდეთ სად ვიმუშაოთ, როგორ ვარჩინოთ ოჯახი. ორ კაპიკს ვიღებთ და აქედანაც იძულებით გვყრიან, ასე როგორ შეიძლება“, – განაცხადა მოვაჭრე ნინელი გამყრელიძემ.

ბაზრის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ახალი ბაზრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, მოვაჭრეების წინააღმდეგობის გამო კი, შესაძლოა სამართალდამცავების ჩარევა გახდეს საჭირო.