გურჯაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი აშენდება. ახალი ბაზრის მშენებლობა, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
“ახალი ბაზრის პროექტირებას, რომელიც 2500 კვადრატულ მეტრზე იქნება, ორი კვირა დასჭირდება და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, 200 სავაჭრო ადგილი გამოიყოფა. ბაზარი იქნება დახურული, სადაც დაცული იქნება ევროპული სტანდარტი. ახალ ბაზარში შეყვანილი იქნება წყალი და ყველა ის კომუნიკაცია, რაც ყველა სახის პროდუქტის, მათ შორის, რძის და ხორცის გასაყიდად არის საჭირო. ბაზარში ცხოვლები არ შევიდნენ. ეს არ გამოიწვევს ქირის გაზრდას. ახალ ბაზარში გადასახადი იქნება ადგილების მიხედვით”, – თქვა ურჯაანის აგრარული ბაზრის მფლობელმა ნუკრი ლიპარტაშვილმა.
ახალი ბაზრის აშენებამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართის გამოყოფას ჰპირდება.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შეუსაბამობის გამო, გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცისა და ყველის განყოფილებას საწარმოო პროცესი რამდენიმე დღის წინ შეუჩერა. ამის მიუხედავად, ბაზარში ეს პროდუქცია მაინც იყიდება.