18 მაისს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი, რომელიც დადიანების ეზოს ნაწილის გაყიდვას შეეხებოდა, შეწყდა. აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მიზეზი პროკურატურის მომართვა გახდა, რის საფუძველზეც თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„თავმჯდომარემ გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ბრძანებით შეწყვიტა აუქციონი ამ კონკრტული საქმის. ამ ეტაპზე შეწყდა და შემდგომ თუ გაგრძელდება სააღსრულებლო წარმოება, ამ შემთხვევაში თავიდან დაინიშნება აუქციონი“, – განაცხადეს უწყებაში.
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდებოდა. აღწერილობაში მითითებული იყო, რომ მესაკუთრეს იპოტეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა მზარდია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის მფლობელი 2013 წლიდან მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილი მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორია 2007 წელს შეიძინა.
ელექტრონული აუქციონი დღეს უნდა დასრულებულიყო.