ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლებაში ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის ცენტრალურ მილზე დაერთებას ითხოვენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მშენებელმა კომპანიამ დასახლებაში მხოლოდ ცენტრალური მილები გაიყვანა და სამუშაოები ბოლომდე არ დაასრულა.
„რა აზრი აქვს, მილების ჩაყრით მოვალეობა მოიხადეს და წავიდნენ, ყველაფერი ისევ ზემოდან მოედინება, ეზოებამდე რომ მოგვიყვანონ ჩვენთვის საკმარისი იქნება“,–ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები ფიქრია ორმოცაძე.
მისი თქმით, საკანალიზაციო სისტემის დაქსელვა მანამდე უნდა მოხდეს, ვიდრე დასახლებაში გზის მოასფალტება დაიწყება:”ასფალტი, რომ დააგონ ხელახლა გადათხრა მოგვიწევს”.
საბარგო სადგურზე ქუჩები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მესხეთავტოგზამ“ უნდა მოაასფალტოს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი სამუშაოების დაწყება საკანალიზაციო სისტემის გაჭიანურებული მშენებლობის გამო გვიანდება.
„ამ გზის რეაბილიტაცია ივლისის ბოლომდე უნდა მოვასწროთ. ჩვენც ხელი გვეშლება“,–განაცხადა სამშენებლო კომპანია „მესხეთავტოგზის“ წარმომადგენელმა.
იმ შემთხვევაში თუ გზაზე ასფალტის დაგებამდე, საკანალიზაციო სისტემის პრობლემა არ მოგვარდება ადგილობრივები, ახალციხე–თბილისის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
„როგორც ჩანს, ნორმალური საუბარი არ ჭრის, ავდგებით და გზას გადავკეტავთ“,– ამბობს საბარგო სადგურზე მცხოვრები რაფიკ არზიანი.
ვინ დააერთებს, ცენტრალურ მილზე ადგილობრივების საკანალიზაციო სისტემას, ჯერ კიდევ უცნობია. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ , „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე ადგილობრივ თვითმმართველობასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ ვინ უნდა შეასრულოს სამუშაოები და ვისი დაფინანსებით.
საბარგო სადგურზე შეკრებილები,22 მაისს ახალციხის მერიის წარმომადგენლების მისვლასაც ითხოვდნენ, თუმცა დასახლებაში მცხოვრებლებს მხოლოდ საკრებულოს დეპუტატი გიორგი ბეროშვილი შეხვდა.
„უახლოეს მომავალში ადგილობრივებს მერიის თანამშრომლებს შევახვედრებთ და მოლაპარაკებებით გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“,–განაცხადა ბეროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე საკანალიზაციო სისტემას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ვი–აი–პი“ აკეთებდა. კომპანიამ სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და აპრილში დაასრულა. სამუშაოებისთვის 894 849 ლარი დაიხარჯა. ამ თანხით მოეწყო 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი.