ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით, შესყიდვის გამარტივებული წესის გამოყენებას ითხოვს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის აუცილებელია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 700 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის კლდოვანი მასა 7 მაისს ჩამოიშალა. როგორც შპს „გერალის“ დირექტორმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად მდინარე ალაზნი 500 მეტრ ფართობზე დაგუბდა და გზის სავალი ნაწილი 10 მეტრ სიმაღლეზე დაიფარა.
ტარიელ წიკლაურის ინფორმაციით, სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა, სავარაუდოდ, 15 ივნისამდე ვერ გაიხსება.
ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის 56 კილომეტრზე, დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა გასულ წელსაც მოწყდა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზანი დააგუბა. ამ პრობლემის გამო თუშეთის გზა, შარშან, 12 ივნისს გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ თუშეთში ტურისტული სეზონი 3–4 თვე გრძელდება.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გერალი“ ახორციელებს.