ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი ჩატარდება

682

ზუგდიდში 9-10 ივნისს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალ “f 5-ს” გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმაა, რაც მათი თქმით, თბილისის განსხვავებით, ზუგდიდს აკლია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ღონისძიების გამართვა სამმა ზუგდიდელმა, ტატო ჩანგელიამ, ნიკა ლაშხიამ და გიორგი შონიამ გადაწყვიტეს.

ორღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მწერლები და პოეტები – ზვიად რატიანი, პაატა შამუგია, კატო ჯავახიშვილი, ზაზა კოშკაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ლუკა ბაქანიძე. რაც შეეხება ღონისძიების მუსიკალურ მხარეს, ამაზე ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე და ლექსო რატიანი იზრუნებენ.

კონკრეტულად სად გაიმართება ფესტივალი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილმდებარეობა რამდენიმე დღეში დაზუსტდება.

„ისინი ენთუზიაზმით ჩამოდიან. კარგ საქმეში გვეხმარებიან და ბოლომდე გვერდში გვიდგანან. ფესტივალმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს და ახალგაზრდები დააინტერესოს. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რომ ზუგდიდში ამოქმედდეს, ამოძრავდეს კულტურული პროცესები“, – გვითხრა გიორგი შონიამ.

ორგანიზატორთა სურვილია ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცეს. გარდა ამისა, მათ სურთ, რომ ეს ფაქტი სხვა საინიციატივო ჯგუფებისთვის მაგალითი იყოს, რათა რეგიონებს, მომავალში, მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ.