ახალციხეში, სოფელ აწყურში, კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

1026

როგორც ახალციხის მუნციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია კულტურის სახლის ფასადის, მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში შეიღებება ღობეები, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, ეზოში მოეწყობა გარეგანათება, ავტოსადგომი, მისასვლელ გზაზე არსებულ ხევზე გადასასვლელი ხიდი და საყრდენი კედლები. ეზოში კი დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი.

“გასულ წელს აწყურის კულტურის სახლს რეაბილიტრაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა, შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო-გაყვანილობა და სველი წერტილები, მოეწყო შენობის შიდა ინტერიერი და არსებული სახელოვნებო და სპორტული წრეების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი გარემო შეიქმნა. კულტურის შენობა 1970 წელს არის აშენებული და ამ დრომდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა”,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„რეგიონში კულტურის სახლებისა და ცენტრების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განახლებული გარემო სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს კულტურულ ცხოვრებაში ჩართვის ბიძგს მისცემს. ამასთან, გარდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

სოფელში ორი უნიკალური ტურისტული ობიექტისა და ღირსშესანიშნაობის – აწყურის ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის კათედრალის მასშტაბური რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რაც მომავალში სოფელ აწყურს ტურიზმის განვითარების კუთხით კიდევ მეტ დატვირთვას მიანიჭებს”,- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ.