ასპინძაში მესხური დარბაზების რეაბილიტაცია იგეგმება

899

ასპინძაში, სოფელ საროში, ძველი მესხური დარბაზების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმეტების შესწავლა მიმდინარეობს. რის შემდეგაც, ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, გარდა პროექტის შესწავლისა, პარალელურად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას რეაბილიტირებული მესხური დარბაზების მოვლა–პატრონობაზე.

კონკრეტულად, როდის დაიწყება მესხური დარბაზების რეაბილიტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდში, ჯერ არ იციან.

ასპინძის მერის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, თვითმმართველობის თანმაშრომლებმა უკვე მოამზადეს ამონაწერი იმ ადგილებიდან, სადაც მესხური ოდების რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს: “განვიხილეთ მიწის რეგისტრაციების ამონაწერები, გავიგეთ, რომელი მიწაა მუნიციპალიტეტის საკუთრება, რომელი სახელმწიფოსი და რომელი კერძო პირების, რათა შემდგომში ხელისშემშლელი არაფერი არ იყოს”.

სოფელი სარო სამცხე–ჯავახეთში, ასპინძაში, ზღვის დონიდან 1 480 მეტრზე მდებარეობს. სოფლის ისტორია 3500 წელს ითვლის. საროს დარბაზის ტიპის სახლებს შორის ყველაზე გამორჩეული ასპანიძე-ფანასკერტელების დარბაზია.

მესხური დარბაზის მთავარი დამახასიათებელი ისაა, რომ ე.წ. დედა ბოძი არ აქვს, ის 12 ბოძზეა განლაგებული. 12 ბოძით შეკრულია კუბი, კუბზე კი ზემოდან ხისგან გაკეთებული, წაკვეთილი პირამიდის ფორმის თაღია დაშენებული.თაღი კედლებისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციაა, რაც შენობას სეისმური თვალსაზრისით ძალიან დაცულს ხდის: ხის საფეხურებიანი პირამიდა მიწისძვრის დროს ქუდის პრინციპით იშლება და იქ მყოფ ადამიანსაც გადარჩენის დიდი შანსი აქვს. მიწისქვეშა დარბაზისთვის სინათლის წყარო სახურავში დატანილი ერდოა. დარბაზს დამხმარე ნაგებობების მთელი კომპლექსი აქვს.

გარდა მესხური დარბაზების რეაბილიტაციისა, მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.