პრემიერი, ბატონის ციხის ტერიტორიაზე ახალ მუზეუმს 16 მაისს 2 საათზე გახსნის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ერეკლე მეფის სასახლის სრული რეაბილიტაცია, აშენდა საგამოფენო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი, მოეწყო შიდა და გარე კაფეები და ამფითეატრი.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხიშვილის განცხადებით, ” ბატონის ციხის” კომპლექსი ტურისტებს 20 მაისიდან უმასპინძლებს.
“ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა. მუზეუმი ხავლ გაიხსნება. კომპლექსს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. 19 მაისს არის ღონისძიება “ღამე მუზეუმში“, რომელსაც თელავის მუზეუმიც შეუერთდება. 20 მაისიდან კი უკვე სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას და ტურისტებსაც მივიღებთ”, -განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.
ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა.
პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა.
სამუშაოები სამშენებლო კომპანია “ჯავამ” განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.