სუს-მა ადიგენის მერის მოადგილე და რამდენიმე სამსახურის უფროსი პასუხისგებაში მისცა

743

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქალაქე ანტონ ხ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გ; კომისიის მდივანი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ზაურ მ; კომისიის წევრი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსი ე; კომისიის წევრი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი მამუკა პ; კომისიის ყოფილი წევრი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მუხრან ხ.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ანტონ ხ. აღნიშნული კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა-აბასთუმანში არსებულ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი 7 935 ლარის ოდენობით.

თავის მხრივ, კომისიის წევრებმა არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის იგნორირებით მიიღეს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ანტონ ხ-სთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის და თაღლითობაში დახმარებისათვის, პასუხისგებაში მისცეს მოქალაქეები:ზურაბ გ, ლეონიდ ბ. და დავით ჭ, რომლებმაც ნოტარიულად დამოწმებული ცრუ განცხადებით დაადასტურეს, რომ აღნიშნულ მიწის ფართობს ანტონ ხ. თითქოსდა ნამდვილად ფლობდა”,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 342-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.