გორის სოფელ სათემოში მოსწავლეები ავარიულ სპორტდარბაზში თამაშობენ

748

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში მდებარე საჯარო სკოლასთან არსებული სპორტული დარბაზი ინგრევა და კედლებიდან საშენი მასალა ცვივა. მოსახლეობის თქმით, შენობასთან საგანმანათლებლო დაწესებულების სტადიონი მდებარეობს, სადაც  დასვენებებზე მოსწავლეები თამაშობენ და თავს საფრთხეში იგდებენ. ადგილობრივები შენობის დემონტაჟს ითხოვენ. ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

,,საშიშია მაგ დარბაზთან მიახლოებაც კი. სასწრაფოდ დემონტაჟი უნდა მოხდეს ამ შენობის“, – ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ნოდარ წიქარიძე.

სპორტული დარბაზში ყოფნის საფრთხეს მასწავლებლებიც ადასტურებენ. მათი თქმით, შენობა დღითიდღე ინგრევა და სინკარები ცვივა.

სკოლის მდგრადობის შესწავლას გორის მერია აპირებს, თუმცა როდიდა – ეს უცნობია.

სათემოს საჯარო სკოლა 1978 წელს აშენდა და ის 260 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 56 ბავშვი სწავლობს. სკოლა საბაზო საფეხურისაა და მოზარდებს სწავლის გაგრძელება მეზობელ სოფლებში უწევთ.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს სკოლებთან დაკავშირებული უფლებები გადასცა. 1 მარტიდან საქართველოში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე მუნიციპალიტეტებმა უნდა იზრუნონ. 2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს სკოლების ინფრასტრუქტურისა და მისი მოვლისა და დაფინანსების უფლება სრულად გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს პირველი მოსმენით მიღებული აქვს კანონი, რომლითაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სკოლების მოვლა-შენახვის უფლებამოსილება დელეგირებით უნდა გადასცემოდათ, თუმცა, ეს კანონი მეორე და მესამე მოსმენით საკანონმდებლო ორგანომ წელიწადნახევრის მანძილზე არ განიხილა. ამჟამად კი ამ უფლებამოსილების დელეგირება განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ხდება, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ უფლებამოსილებას ყველა მუნიციპალიტეტი არ აიღებს.