ნახევრადგატარებული რეფორმა და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაჩხერილი სკოლები

1490

ალბათ, გახსოვთ მაცხოვრისკარის სკოლის სევდიანი ამბავი, სკოლის, რომელიც 130 წლის ისტორიას ინახავდა და რომლის დანგრევის გადაწყვეტილებაც, პროტესტის მიუხედავად, ახალი სკოლის მშენებლობის მოტივით მიიღეს. მაშინ აბაშელი სტუდენტი, ირმა ჭანტურია, ცდილობდა, დაერწმუნებინა განათლების სამინისტრო, რომ სოფლის მეხსიერების შენარჩუნება აუცილებელი იყო, რომ სკოლის მეზობელ ნაკვეთზე მშენებლობა – შესაძლებელი, ხოლო ამ, 130 წლის სკოლას სოფლის ახალგაზრდობა მუზეუმად და არაფორმალური განათლების ცენტრად აქცევდა.

სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება მაინც არ შეცვლილა, არც სხვა, ალტერნატიული ფართის მოძიებისთვის უზრუნია ვინმეს, იმიტომ, რომ 250 კილომეტრით დაშორებულ განათლების სამინისტროში ვერ გაიგეს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა ამ შენობას ადგილობრივებისთვის, მუნიციპალიტეტის მერიამ კი – ეს განათლების სამინისტროს პრეროგატივააო, – თქვა და პასუხისმგებლობა მოიხსნა, მაშინ, როცა, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, სოფელს ახალი სკოლაც ჰქონოდა და მუზეუმად ქცეული, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისთვის საჭირო სივრცეც.

მაცხოვრისკარის სკოლის ისტორია ერთ-ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ არ ვარგა ცენტრალიზებული მართვა, რომ განათლების, ისევე, როგორც სხვა სფეროების, დეცენტრალიზაცია და გადაწყვეტილებების მიღების ადგილებზე გადატანა აუცილებელი და საჩქარო საქმეა.

ამორტიზებული სკოლები დაბზარული კედლებით, არასათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახებით, მოუწყობელი ეზოებითა და მოედნებით, დანგრეული და დაბინძურებული საპირფარეშოებით, –  ეს 21-ე საუკუნის საქართველოს არაერთი სკოლის სამწუხარო რეალობაა. ამ გამოწვევაზე გამკლავებას დღემდე საქართველოს განათლების სამინისტრო ცდილობს, უწყება, რომელიც მუნიციპალიტეტებში მოქმედ სკოლებს ათეული და ასეული კილომეტრებითაა დაშორებული და ამ დაშორების გამო, ხშირად ობიექტურად, ამა თუ იმ სკოლის პრობლემების შესახებ სრულ ინფორმაციას ვერც ფლობს.

ევროპული დემოკრატიის ქვეყნებში სასწავლო დაწესებულებების მოვლა-შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა, ანუ სწორედ იმ ორგანოსი, ვინც ყველაზე ახლოსაა ადგილობრივ პრობლემებთან. თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის არსიც სწორედ ეს არის – ადგილებზე უკეთ იციან, რომელ სკოლაში რა არის გასაკეთებელი და სად უფრო გადაუდებელია სახურავის გამოცვლა, სველი წერტილების მოწესრიგება, შენობის რეაბილიტაცია თუ საერთოდ ახალი სკოლის მშენებლობა. კარგად იცნობენ ადგილობრივ სპეციფიკებსაც – ის, რაც, შესაძლოა, ცენტრალურ ხელისუფლებას არც ესმოდეს, ადგილობრივების ცხოვრების განუყრელ ნაწილად იყოს ქცეული.

მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ, სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, უფლებამოსილების ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გადაცემა დაიწყო. წელს ამ უფლებამოსილების დელეგირება განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მოხდება, მომავალი წლიდან კი იმედოვნებენ, რომ ამ საკითხს უკვე კანონით დაარეგულირებენ.

თუმცა, განათლების სფეროში დეცენტრალიზაციის დაანონსებული პროცესი იმდენად ნელა და შეფერხებებით მიდის, რომ არავინ იცის, არათუ როდიდან დაიწყებენ მუნიციპალიტეტები ამ უფლებამოსილებების განხორციელებას, არამედ ისიც კი არაა ცნობილი, რამდენ მუნიციპალიტეტთან გაფორმდება საბოლოოდ მსგავსი მემორანდუმი.

როგორც ირკვევა, წელს, შესაძლოა, ამ პროცესს ყველა მუნიციპალიტეტი არც შეუერთდეს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მათი ნაწილი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მზად არ არის.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დაანონსებული დეცენტრალიზაციის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდებოდა, რომ არა კიდევ ერთი უმთავრესი გარემოება – ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ამ უფლებამოსილების გადაცემის პროცესი, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, მხოლოდ ახლა იწყება და ისიც – არასრულად.

2016 წელს პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ თემასაც არეგულირებდა, შუა გზაშია მიტოვებული და უკვე მეორე წელია, მისი დასრულება დღის წესრიგში არ დამდგარა. კანონის გარეშე  ამ რეფორმის გატარება კი, სპეციალისტების შეფასებით, პრობლემურიც იქნება და არაეფექტიანიც. ეს კი ისევ დეცენტრალიზაციის  პრობლემას უკავშირდება და თვითმმართველობის შეჩერებული რეფორმის ნათელი მაგალითია.

რა წერია პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში, რომელიც კანონად ვერ იქცა?

კანონპროექტები, რომლებიც 2015 წელს მომზადდა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე პირველი მოსმენით პარლამენტს მიღებული აქვს, მეორე მოსმენით კი საპარლამენტო კომიტეტების მოსმენებიც გაიარა. შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ამოეწურა და ამიტომ კანონპროექტების შემდგომი განხილვა 2016 წლის ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა გაეგრძელებინა.

სწორედ ამ კანონპროექტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონსა და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედიოდა ცვლილებები და სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს ზოგადი განათლების სფეროში დელეგირებულ უფლებამოსილებად გადასცემდა: საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას, მოვლა-შენახვას, რეაბილიტაცია/შეკეთებას, მშენებლობა/რეკონსტრუქციასა და მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირება. ადგილობრივ თვითმმართველობებს დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად თანხაც უნდა გადასცემოდათ, ხოლო დარგობრივი ზედამხედველობა განათლების სამინისტროს უნდა გაეწია.

დადგენილი იყო შესაბამისი ვადებიც, თუ რა პერიოდში რომელი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ მუნიციპალიტეტები. ამისათვის კი განათლების, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შესაბამისი რეგლამენტები მთავრობისთვის დასამტკიცებლად ეტაპობრივად – 2016 წლის 1 ნოემბრამდე და 2017 წლის 1 ნოემბრამდე უნდა წარედგინათ. ფინანსთა და განათლების სამინისტროებს კი კანონპროექტი უნდა მოემზადებინათ, რომლითაც, მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესს შეიმუშავებდნენ.

პრობლემები რომ თავიდან აეცილებინათ, მუნიციპალიტეტები ამ უფლებამოსილებების განხორციელებას ეტაპობრივად დაიწყებდნენ. მაგალითად, მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ადგილობრივ თვითმმართველობებს 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა დაეწყოთ, სკოლების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და რეაბილიტაცია/შეკეთება – 2018 წლის 1 იანვრიდან, ხოლო სკოლების მშენებლობა/რეკონსტრუქციის უფლება მათ 2019 წლის 1 იანვრიდან მიეცემოდათ.

ამავე კანონპროექტის თანახმად, 2019 წლიდან ყველა ეს უფლებამოსილება ადგილობრივ თვითმმართველობებს, არათუ დელეგირებულ, არამედ უკვე საკუთარ უფლებამოსილებაში უნდა გადასცემოდათ. ამისათვის კი შესაბამის სამინისტროებს პარლამენტისა და მთავრობისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა წარედგინათ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ  სკოლების საკითხის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა არის უმნიშვნელოვანესი ასპექტი უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციისათვის.

„კანონპროექტში ჩაიდო, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო სასკოლო განათლების სფეროში უფლებამოსილების დელეგირება. კერძოდ, პირველ ეტაპზე უნდა მომხდარიყო მოსწავლეთა ტრანსპორტირება, შემდეგ – სკოლების მოვლა-შენახვა და აღჭურვა. ამის შემდეგ კი უკვე რეაბილიტაცია და მშენებლობა. შესაბამისად, 2018 წელს დელეგირების პროცესი უნდა დასრულებულიყო. ამავდროულად, განათლების სამინისტროს უნდა შეექმნა შესაბამისი სტანდარტები და 2019 წლიდან ეს უფლებამოსილება უკვე თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილება უნდა გამხდარიყო. ოღონდ, იქ იყო ჩადებული, რომ მანამდე უნდა მომზადებულიყო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.  ეს კი განსაკუთრებით იმის გამო იყო მნიშვნელოვანი, რომ უფლებამოსილების გადაცემა ქონების გადაცემას უკავშირდება. თუკი უფლებამოსილება გადაეცემა, მაშინ ქონებაც უნდა გადაეცეს. ამავდროულად, სტატუსის საკითხი უნდა განსაზღვრულიყო, რადგან, თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებს სსიპ-ის შექმნის უფლება არ აქვთ. ყველა ეს საკითხი პრობლემურია და კანონით განსაზღვრის გარეშე ვერც მაშინ მოგვარდებოდა და ვერც ახლა მოგვარდება. ამიტომ არის არსებითი კანონის მიღება“, – ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

რა იქნება ახლა და რისი უფლება მიეცემათ მუნიციპალიტეტებს?

დღემდე, თბილისის, სხვა რომელიმე ქალაქისა თუ ქალაქიდან დაშორებული ძალიან პატარა დასახლების სკოლებში რა არის გასაკეთებელი და, პირველ რიგში, რა საკითხი უნდა მოწესრიგდეს, განათლების სამინისტრო წყვეტს. ამიტომაც, პრობლემის მოსაგვარებლად თითოეულმა სკოლამ სწორედ მას უნდა მიმართოს. ამის შემდეგ ისევ განათლების სამინისტრო გამოყოფს თანხას, აცხადებს ტენდერს და სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო პროცესიც უშუალოდ მისი მეთვალყურეობით მიმდინარეობს.

წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობები ჩაერთვებიან, თუმცა, როგორც გითხარით, არა კანონის, არამედ მემორანდუმის საფუძველზე. სამმხრივი მემორანდუმები განათლების სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების  ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ახლა ფორმდება.

განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია droa.ge-სთან ამბობს, რომ ამ მოდელის მთავარი სიკეთე სარეაბილიტაციო ობიექტის  შერჩევის, ტენდერის გამოცხადებისა და სამუშაოზე ზედამხედველობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაა. უფლებამოსილებების დელეგირების შემდეგ პროცესზე პასუხისმგებელი მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება, რაც ამ საკითხს ორმაგ მნიშვნელობას სძენს – პროექტის ეფექტიანობას და თვითმმართველობის ფუნქციის გაძლიერებას.

მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ, ასევე, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაც. „ეს არის განათლების ხელმისაწვდომობის კომპონენტი და აქ კარგი ის არის, რომ, მშენებლობებისგან განსხვავებით, ყველა კომპონენტი დაფინანსებულია და მუნიციპალიტეტებს რაიმე დამატებითი პრობლემა არ ექმნებათ“, – აცხადებს მურღულია.

თუმცა, მინისტრის მოადგილე იმასაც ამბობს, რომ, ჯერჯერობით, პროექტს საპილოტე ხასიათი აქვს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალური მოდელი შეარჩიეს და ეს არის იმ მოდელის გაუმჯობესება, რაც არსებობდა.     

„განათლების სამინისტრო, ერთი მხრივ, ამტკიცებს სტანდარტებს სკოლის მოწყობასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, რადგან პირველი წელია და შესაძლოა, ყველა მინიციპალიტეტს არ ჰქონდეს იმის რესურსი, რომ დოკუმენტაცია დეტალურად მოამზადოს და შემდეგ ტენდერი ისე გამოაცხადოს, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტს იმ სტანდრტებითა და იმ სამუშაო გეგმით, რაც გვქონდა, ვეხმარებით. ამით ისინი შეძლებენ, დროულად გადართონ ეს საკითხი ახალ რეჟიმში, დროულად განახორციელონ საჭირო შესყიდვები და დაიწყონ სამუშაოები,“ – განმარტავს თემურ მურღულია.

როგორ შეირჩევა პროექტები და როგორ მოხდება თანხის განაწილება?

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას დელეგირებით რაიმე უფლებამოსილებას გადასცემს, მის განსახორციელებლად თანხაც უნდა მისცეს, დარგობრივი ზედამხედველობა კი იმ კონკრეტულმა უწყებამ უნდა განახორციელოს, ვისი უფლებამოსილების დელეგირებაც მოხდა.

რა გადაწყვიტა ხელისუფლებამ და როგორ მოხდება ამ ფუნქციების დელეგირება ახლა? როგორც აღმოჩნდა, საბოლოოდ გადაწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ ამ ფუნქციების თვითმმართველობებზე გადაცემა უნდა მოხდეს, მაგრამ მექანიზმზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება.

სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორცილებლად თანხა – 57 მილიონ ლარამდე – განათლების სამინისტროს ბიუჯეტშია ასახული. შესაბამისად, წლევანდელი პროექტების დაფინანსებაც მისი ბიუჯეტიდან მოხდება. ანუ, მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს პროექტს, გამოაცხადებს ტენდერს და თანხისთვის ისევ განათლების სამინისტროს მიმართავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაინც ისევ განათლების სამინისტროზეა დამოკიდებული, რადგან ფულს ის აძლევს.

რაც შეეხება თავად პროექტების საბოლოო შერჩევას, მუნიციპალიტეტები ბოლომდე თავისუფლები არც ამ ნაწილში არიან. როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, თვითმმართველობები პროექტებს განათლების სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას – „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ გაუგზავნიან, სააგენტო შეამოწმებს, რამდენად სწორადაა პროექტი შედგენილი, შემდეგ კი ამ პროექტებს განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისგან შემდგარ სპეციალურ კომისიაში გადაამისამართებს. კომისიამ, მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით, უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი პროექტი დაფინანსდეს და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს.

„ეს არის პროექტების შერჩევისა და დაფინანსების აპრობირებული მეთოდი და პირველი წლისთვის ყველაზე რელევანტურია“, – ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე და დასძენს: „წლევანდელი წელი არის საპილოტე, რათა დავინახოთ, სად არის პრობლემები“.

თემურ მურღულია იმასაც ადასტურებს, რომ, შესაძლოა, წელს ამ პროცესში ყველა მუნიციპალიტეტი არ ჩაერთოს. „ეს არ არის კანონი, ეს არის მემორანდუმი და რომელიმე მუნიციპალიტეტს ისიც შეუძლია თქვას, რომ  წელს მირჩევნია, პროექტები ისევ სამინისტრომ განახორციელოსო. ვინ როგორ გადაწყვეტს, ვინ აიღებს ამ უფლებამოსილებას საკუთარ თავზე და ვინ – არა, ამას მემორანდუმი რომ დაიხურება, მაშინ ვიტყვით. შესაბამისად, ჩვენც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მემორანდუმის გაფორმება არ დასრულებულა, სამუშაოების პირველი ციკლი უკვე დამთავრდა და მუნიციპალიტეტებმა გადაუდებელ სამუშაოებზე პროექტები უკვე წარადგინეს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კი მსხვილი სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტების განხილვას დაიწყებენ.

მართლაც არის თუ არა ხელისუფლების მიერ შერჩეული მოდელი განათლების სფეროს დეცენტრალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი?

როგორც ხედავთ, მოდელი, რომელიც ხელისუფლებამ განათლების სფეროს დეცენტრალიზაციისთვის შემოგვთავაზა, მუნიციპალიტეტებს დამოუკიდებლად მოქმედებისა და გადაწყვეტილებების მიღების ძალიან მცირე შესაძლებლობას აძლევს და კვლავ საკითხის ცენტრალიზებულად გადაწყვეტის დიდ რისკებს ტოვებს. რაც მთავარია, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის უფლებამოსილების დელეგირება კანონით არ ხდება, რაც, თავისთავად, უკვე პრობლემაა, ვინაიდან მემორანდუმი კანონის ძალის მქონე დოკუმენტი არ არის.

ის, რომ ეს მოდელი სრულყოფილი არ არის, ამას თვითმმართველობის სპეციალისტებიც და თავად მინისტრის მოადგილეც ადასტურებენ. თემურ მურღულია ამბობს, რომ აუცილებელია, მომავალ წელს ეს საკითხი სწორედ კანონმა დაარეგულიროს, ხოლო თანხების განაწილება მიზნობრივი ტრანსფერით მოხდეს. „თუმცა, ამაზე პარლამენტთან ვაგრძელებთ მუშაობას და როგორც ჩამოყალიბდება, იმ მოდელით იქნება კანონის დონეზე უზრუნველყოფილი“, – ამბობს მურღულია.

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი კი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, კონკრეტულად გაიმიჯნება უფლებამოსილებები, რითაც გაუგებრობები თავიდან იქნება აცილებული და რეფორმაც მეტად შედეგიანი იქნება.

„რა იქნება განათლების სამინისტროს დისკრეცია და რა – მუნიციპალიტეტის, ეს არის არსებითი და ეს უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. ვიდრე უფლებამოსილება დელეგირებულია, მანამდე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება ფართო ვერ იქნება. ამასთან, ის არ უნდა მივიღოთ, რომ სადმე პრობლემა რომ შეიქმნას, მუნიციპალიტეტისკენ გაიშვირონ ხელი და სადაც კარგი რამ გაკეთდება, სამინისტრომ თავად მიიწეროს. ამიტომ მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, ამ სკოლების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს,“ – ამბობს შერგელაშვილი.

რაც შეეხება კანონს, როგორც უკვე გითხარით, პარლამენტს კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებული აქვს. კითხვაზე, რატომ არ განიხილა ეს ცვლილებები პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით, საკანონმდებლო პაკეტის ავტორი ინფრასტრუქტურის სამინისტრო უცნაურად გვპასუხობს: იმ კანონებში, რომელთა ჰარმონიზაციაც „თვითმმართველობის კოდექსთან“ უნდა მომხდარიყო, ამ ხნის მანძილზე არაერთი ცვლილება შევიდა, ამიტომ ეს საკანონმდებლო პაკეტი ან უნდა გადამუშავდეს და განსახილველად ხელახლა შევიდეს პარლამენტში, ან გადამუშავდეს და მეორე მოსმენით გავიდეს საკანონმდებლო ორგანოშიო. თუმცა, სამინისტრომ ჯერაც არ იცის, რას გადაწყვეტს და როდის დაიწყებს თუნდაც ამ საკანონმდებლო პაკეტის გადამუშავებას.

ამასობაში პროცესი მიდის, თუმცა, რეალური დეცენტრალიზაციისგან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ბოლო ერთი წელია, მუდმივად გვპირდება, ეს მოდელი ძალიან შორსაა. ჯერ ისიც კი არავინ იცის, რამდენი მუნიციპალიტეტი ჩაერთვება დელეგირების პროცესში, არათუ ის, როდის გადავა სოფელ ოფშკვითის, კურცხალის, ქვემო ქედის, შემოქმედის, კირნათის, ქოლობნის, შილდის ან სხვა 2 ათასზე მეტი სკოლის მოვლა-შენახვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებაში.

მთავრობაში, დაპირებული დეცენტრალიზაციის მიუხედავად, ჯერ არც იმაზე დაუწყიათ ფიქრი, როდის გადავა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჯარო სკოლის შენობები მუნიციპალურ საკუთრებაში, ან საერთოდ გადავა თუ არა ოდესმე. ეს პრობლემაა იმის გამოც, რომ მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობება-ნაგებობების მოვლა-შენახვა კანონით აკრძალული აქვთ.

მანამდე კი, როგორც ჩანს, ჯერ იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ამ სკოლებზე ადგილობრივ თვითმმართველობებს მინიმალურ პასუხისმგებლობას მაინც დააკისრებენ.