ხულოში მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ და საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ჯორბენაძემ იმაზე იკამათეს, თუ ვის უნდა გაეწმინდა ხულოს მერიის ფანჯრები. მერიამ მათ გასაწმენდად ბიუჯეტიდან 1693 ლარი დახარჯა. სამუშაოებისთვის კი კომპანია დაიქირავა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ირაკლი ჯორბენაძის თქმით, მერიას ხელშეკრულებით ჰყავს აყვანილი დამხმარე თანამშრომლები, რომლებიც უწყებას ალაგებენ: “აშკარაა უკვე, რომ კორუფციის სურნელი ტრიალებს მერიაში. პ.ს. რაც შეეხება წმენდას, ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შემოდგომიდან გაწმენდს ამათ, ოღონდ უსასყიდლოდ, საკუთარი ძალებით” – დაწერა სოციალურ ქსელში ირაკლი ჯორბენაძემ.
ოპოზიციური პარტიის Facebook- სტატუსს ხულოს მერი გოჩა მელაძე გამოეხმაურა:
“როგორც ვხვდები, თქვენ მერიის შენობის ორივე მხარეს, 4 სართულის ფანჯრების გაწმენდას ჩვენს დამხმარეებს დაავალებდით. საბედნიეროდ, ჩვენ არ ვფიქრობთ ამგვარად. ჩვენი დამხმარეები ძალიან კარგები, რომ არიან ფაქტია, მაგრამ, ამ ტიპის დავალებას რომ ვერ შეასრულებდნენ არ უნდა იყოს თქვენთვის ეგ გაურკვეველი. მაგრამ რახან ასეა მინდა იცოდეთ: 1. ნაწილი ფანჯრებისა არ იხსნება, მთლიანი შუშაა და შიდა მხრიდან მიუდგომელია. 2. 4 სართულიანი შენობის 4 სართულის ორივე მხარეს შუშების გაწმენდისთვის რა დრო დასჭირდებოდათ დამხმარეებს ეგ ცალკე საკითხია. 3. ყველაზე მთავარი – უსაფთხოება, ღმერთმა არ ქნას და იმ სიმაღლეზე,ფანჯრის გასაწმენდად გასულ დამხმარეს, რომ რამე მოსვლოდა… გიფიქრიათ ამაზე?? ჩვენ ვფიქრობთ. იმედია ფანჯრები, რომ მოსაწესრიგებელი იყო სადაოდ არ გახდით და არც იმას, რომ ეს სამუშაოები დაქირავებული კომპანიის მიერ ნამდვილად შესრულდა. რაც შეეხება არჩევნებს მე კომენტარისგან თავს შევიკავებ და ოქტომბერში ჩვენი მშობლიური ხულოს საზოგადოება გასცემს პასუხს” – წერს გოჩა მელაძე.