სამტრედიის, ვანისა და ტყიბულის თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები

1283

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სამტრედიის, ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაციები: არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 90-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად სამტრედიის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 7 ფაქტი, ვანის მუნიციპალიტეტში – 1, ხოლო  ტყიბულში – 3 ფაქტი გამოვლინდა; ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2, ხოლო ტყიბულში 1 შემთხვევა აღმოვაჩინეთ. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, საჯარო მოსამსახურეს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა), ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა კიდევ ერთი დარღვევა, რომელიც ავალდებულებს საჯარო მოსამსახურეს სამსახურის გავლის ვადით სამართავად სხვას გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილები. სამტრედიაში საწარმოში არსებული წილები სამართავად არ გადაუცია 3, ხოლო ტყიბულში – 4 თანამდებობის პირს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

კობა ძიძიგური – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

კობა ძიძიგურმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების “ზანდოს” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი პარტნიორი. სპს “ზანდოს” საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა სოფელ გამოჩინებულში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა, თუმცა“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ითვლება მეწარმე სუბიექტად, ამიტომ კობა ძიძიგური სპს “ზანდოში” თანამდებობის დაკავებით არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ტარიელ დვალიშვილი – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

ტარიელ დვალიშვილმა 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნანა თევზაძე არის სამტრედიაში ბინის და სოფელ გორმაღალში  მიწის 2 ნაკვეთის მესაკუთე.

 

ლიზა კრავეიშვილი –  საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე

ლიზა კრავეიშვილის მიერ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ იგი არის შპს “ფეიქრის” 23 % წილის მესაკუთრე, ასევე  მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

ბადრი შენგელია – საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ბადრი შენგელია  2017 წლის ოქტომბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, შპს “ღანირი-2”-ის 30% წილის მესაკუთრეა, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის აღნიშნული კომპანიის დირექტორიც გახლავთ, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე ბადრი შენგელიამ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, სამართავად გადაეცა მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სხვა პირისთვის.

ვალერიანე ფოცხვერია – სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი

ვალერიანე ფოცხვერიამ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი 20%-იანი წილის  მესაკუთრეა შპს “ელიტა 5+”-ში , ასევე  მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

ნოე ივანიაძე – მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი

ნოე ივანიაძეს 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე ნონა ფესვიანიძე არისშპს “ახალი აფთიაქის” 25%-იანი წილის მესაკუთრე.

ზურაბ გოგია – მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი

ზურაბ გოგიას  2017 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე – ნანა მიქელაძე არის სამტრედიაში,კრავეიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

ვანის საკრებულო

გიორგი ივანიაძე – ვანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ივანიაძემ 2017 წელს შევსებული დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, ინდირა გოგოძე  ვანში მდებარე საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეა.

ტყიბული

თემურ ჩუბინიძე – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი 

თემურ ჩუბინიძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნინო ცირეკიძე 7%-იანი წილის მესაკუთრეა შპს “სამთო საინვესტიციო კორპორაციაში”. ასევე დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ ნინო ცირეკიძე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სოფელ საწირეში.

ოლეგ ქარქაშაძე –  მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის უფროსი

ოლეგ ქარქაშაძე ზემოაღნიშნულ პოზიციას მერიაში 2014 წლის 1 ოქტომბრიდან იკავებს (მანამდე თავად იყო ინდივიდუალური მეწარმე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპებთან 19 ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მუნიციპალიტეტში დასაქმების შემდეგ კი მეუღლე ინგა ცირეკიძე დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ და გააგრძელა მეუღლის ბიზნესსაქმიანობა). ცირეკიძეს 2015 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან 4 გამარტივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან მან 850 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ავეჯის აქსესუარების, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების, ასევე მავთულებისა და კაბელების მიწოდება.

 

კობა რობაქიძე –  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

კობა რობაქიძე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს 2014 წლის 17 სექტემბრიდან. მას აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე 6 გამარტივებული ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შემსყიდველ ორგანიზაციებთან, მათ შორის 3 ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ტყიბულის მუნიციპალიტეტთან.   სამივე ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 768 ლარი შეადგინა და შესყიდვის საგანს წარმოადგენდა პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.

 

თეიმურაზ ქელბაქიანი –  საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

თემურაზ ქელბაქიანმა 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის შპს “უკრაინა საქართველო ინვესტის” 20%-იანი წილის მესაკუთრეა. დეკლარაციაში აღნიშნული აქვს შპს “მთის ნობათთან” კავშირი, თუმცა არ აქვს მითითებული შპს-ში კუთვნილი წილის ოდენობა – საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ კომპანიაში ქელბაქიანს 24.5%-იანი წილი ეკუთვნის. თეიმურაზ ქელბაქიანს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

იოსებ რობაქიძე –  საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე

იოსებ რობაქიძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ არის ასახული, რომ  იგი არის შპს “კოქსის”   მეწილე (16.4 %) და დირექტორი, რაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. ასევე იოსებ რობაქიძეს შპს “კოქსში” კუთვნილი წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის უნდა გადაეცა, რაც არ განუხორციელებია.

ვახტანგ გვენეტაძე – საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

ვახტანგ გვენეტაძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაშია მითითებული აქვს, რომ იგი არის შპს “ცხრაჯვარი 2009”-ის 20%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.

ლეკო ფანჩულიძე – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

ალეკო ფანჩულიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში, მართალია, მიუთითა, რომ იგი არის შპს “სავაჭრო ცენტრის” 10%-იანი წილის მესაკუთრე, თუმცა მას არ გადაუცია აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის  დარღვევას.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.