ახალქალაქის სოფელ კარტიკამში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

948

ახალქალაქის სოფელ კარტიკამში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

ფონდის ცნობით, სკოლა საზეიმოდ გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას, შესაბამისად, თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ დროისთვის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ექვს საჯარო სკოლას ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

სტუმრებმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სკოლის კოლექტივს, მოსწავლეებსა და მშობლებს სკოლის გახსნა მიულოცეს.

„მოხარული ვარ მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ მომენტში და საზეიმოდ გავხსნათ კარტიკამის საჯარო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს აფინანსებს. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწავლეებს მივცეთ მსოფლიო დონის განათლება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესმრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

2016-2017 წლებში მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის.