გურჯაანში მცირე მარნების განვითარების პროგრამა დაიწყო

1070

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცირე მარნების განვითარების პროგრამა დაიწყო. თავიდან პროექტში 29 მცირე მეწარმე ჩაერთო, რომლებმაც პირველი ეტაპი გადალახეს. პროექტის ინიციატორის, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, გურჯაანში მეწარმეებს და მცირე მარნების გახსნის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ამ პროგრამით ისარგებლონ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

სონღულაშვილის თქმით,  მეწარმეებს შეუძლიათ, სახელმწიფოსგან 40%-იანი დაფინანსება მიიღონ, რომელსაც მცირე მარნისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას მოახმარებენ. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

“პროექტი მცირე მარნების, ღვინის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე, მარნებში წარმოებული ღვინის რეალიზაციას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში თქვეს, რომ ბიზნესის დაწყების მსურველებს ბიუროში სპეციალისტები განაცხადის შესავსებასა და ბიზნესგეგმის დამუშავებაში დაეხმარებიან. ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროგრამით 29 ადამიანმა ისარგებლა და პირველი ტური უკვე გადალახა.

“აღნიშნული პროგრამით სარგებლობა 35 წლამდე მამაკაცებს და 40 წლამდე ქალებს შეუძლიათ, რომლებსაც ახალი წესით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი აქვთ, სადაც ბიზნესის დაწყებას და მარნის აშენებას გეგმავენ. მარანი არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელ სახლში. მეწარმემ, პროექტის ფარგლებში, წელიწადში 20 000 ბოთლი ღვინო უნდა აწარმოოს და გრანტის თანხა – 60 000 ლარი საწარმოო ხაზის ასაწყობად უნდა გამოიყენოს’’,-განაცხადეს დეპუტატის ბიუროში.