მე-20 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა – ,,Caucasus Tourism Fair- CTF’18“, რომელიც ,,ექსპოჯორჯიაში“ გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმაc მიიღო მონაცილეობა. 12-14 აპრილს გამართულ გამოფენაში ზუგდიდი სხვადასხვა სახეობის ხელთნაკეთი ნივთებით იყო წარმოდგენილი, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
საერთაშორისო გამოფენაში 7 ქვეყნიდან 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსთან ერთად, გერმანიამ, პოლონეთმა, რუსეთმა, ჩინეთმა, ტაილანდმა და თურქეთმა მიიღეს. გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში მოახდინოს შიდა ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია, ხელი შეუწყოს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას რეგიონში, ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საერთაშორისო, ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს, ავია და სატრანსპორტო სააგენტოებს, საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე, მათთან შესახვედრად მოიწვიოს დარგით დაინტერესებული ვიზიტორები: საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლები. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ზუგდიდის მუნიციალიტეტის კუთხე კი მერიის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა კონსტანტინე წიფურიამ წარადგინა.