სენაკის მერიას ორი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის

702

წინა სტატია

სენაკის მერიიდან გათავისუფლებული 13 თანამშრომლიდან ორი ადამიანი მერიას სასამართლოში უჩივის. ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ვასილ ბესელიამ, რომელიც კულტურის სამსახურის უფროსი იყო, მერს ლევან კუპრეიშვილს ფეისბუკში ღია წერილით მიმართა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„მუდმივად ერთ ბრალდებებს რომ გვიყენებთ, რატომ არჩევნების დროს გვერდით არ დამიდექითო, ახლა მოგახსენებთ, იმიტომ, რომ არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ შეიძლება და არც საჯარო მოხელეს აქვს მასში ჩარევის უფლება. თუ ძაან მოგვაწვებით, ვიშოვით იმ სიებს, თქვენს მხარდაჭერას ხელისმოწერით რომ გვიდასტურებდნენ და მერე იძახეთ, არჩევნები მაგრად მოვიგეო. თქვენს წინამორბედ ხელისუფალს ჩვენ აქ დავუმეგობრდით, საქმემ დაგვამეგობრა. მამასავით ამოგიდგებით გვერდით ყველა სასიკეთო საქმეში-მეთქი, მაგრამ ეს თქვენ არ ისურვეთ. 5 თვეა მოხვედით და მთელი ეს დრო მოანდომეთ იმაზე ფიქრს, ვინ გაუშვათ და ვინ მოიყვანოთ “, – წერს ვასილ ბესელია.

გათავისუფლებული თანამშრომელი ამბობს, რომ უფლებების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს.მის მსგავსად, სენაკის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი კახაბერ სიჭინავა ამბობს, რომ სამსახურში დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავს.

„კონსულტაციები მქონდა საიას და სხვა ორგანიზაციის იურისტებთან, უახლოეს დღეებში გადავწყვეტ, რომელ ადვოკატზე შევჩერდები საბოლოოდ “, – თქვა კახაბერ სიჭინავამ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 13 თანამშრომელი გათავისუფლდა. როგორც სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი ამბობს, თანამშრომლები ოპტიმიზაციის გამო გაუშვეს.