რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარის დაგება დაწყებულია, ხოლო, პროექტი 2023 წელს დასრულდება, როგორც გათვალისწინებული იყო.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ქარსელაძემ განმარტა, ამავე ტერიტორიაზე მეწყრულ ზონების რაოდენობა დაახლოებით 11-ია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით საფარის დაგება დაწყებულია. კერძოდ, 4 კილომეტრზე მეტი უკვე არის ზარზმის მხრიდან მოწყობილი და იქ სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება ხულოს მხრიდან, მომდევნო კვირაში უკვე აქაც საფარი დაიგება. დაახლოებით 7-8 კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც გეგმაზომიერად ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ამავდროულად, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს მეწყრების სახით. დაახლოებით 11 მეწყერია. რა თქმა უნდა, ამას ცალკე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, ვინაიდან ძალიან პრობლემური მონაკვეთებია. შესაბამისად, ვმუშაობთ როგორც გზის განვითარების მიმართულებით, ასევე, მეწყრული პროექტების დამუშავებაზე“,-განაცხადა ქარსელაძემ.