ზუგდიდის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა ცვლილებას, რომელიც ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა. კერძოდ, საქმე ეხება ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას, რომლის თანახმადაც ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის მაქსიმალური ლიმიტის ოდენობა კვლავ 250 ლარი დარჩა, დანარჩენებისთვის კი 150 ლარი განისაზღვრა. საუბარია წამლებზე, რომელთა ღირებულებაც 50 ლარი, ან მეტია. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომაზე განაცხადა, რომ 100 ლარით შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება პირველი და მეორე ჯგუფის შშმ პირებს.
ენმ-ის განცხადებას მერის მოადგილე მაიზერ ნანავას გაღიზიანება მოჰყვა, რომელმაც ამ ყველაფერს დემაგოგია უწოდა. საპასუხოდ ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ მას „თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა“ და ურჩია, სხდომებზე ნაბახუსევი ნუ ივლის. თავის მხრივ, მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ნაბახუსევი არ არის, და რომ თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ ეს შეამოწმონ კიდეც. მან მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატს, ზედაპირულ განცხადებებს ნუ აკეთებს და საკითხი კარგად შეისწავლოს.
საპასუხოდ მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ შშმ პირებთან დაკავშირებით ერთჯერად დახმარებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარდაჭერის მსგავსი ფორმა არ არის ზოგადად გამართლებული, და რომ ის კონკრეტულ პრობლემას ვერ აგვარებს. მისი განმარტებით, წელს მათ ამ კუთხით სიახლე აქვთ. კერძოდ, ამ კატეგორიის ადამიანები არიან ერთ-ერთი სამიზნე, რომლებსაც ონკოლოგიურ ავადმყოფებთან ერთად აქვთ უპირატესობა ჯანდაცვის ყველა ქვეპროგრამით სარგებლობისას. მანვე აღნიშნა, რომ შშმ პირები ერთჯერადი დახმარების სახით შარშან მერიისგან 200, გამგეობისგან კი 100 ლარს იღებდნენ, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ კი ეს თანხა 100 ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს სხდომა 10 აპრილს გაიმართა.