ხელვაჩაურში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ

1101

ხელვაჩაურის სოფელ ჩელტაში მ​ოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა მოითხოვეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, სამარშუტო ტაქსები სოფელში საათში ერთხელ დადიან. აქციას სკოლის ​პედაგოგებიც შეუერთდნენ.

“აუცილებელია დამატებით დაინიშნოს სამარშრუტო ხაზი, სოფელში მხოლოდ 147 ნომერი დადის, ისიც საათში ერთხელ მოძრაობს, ამის გამო მასწავლებლებს სკოლაში მისვლა აგვიანდებათ. მინიმუმ ნახევარ საათში ერთხელ დადიოდეს”, – ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები.

ჩელტაში მცხოვრებლები მგზავრობის ტარიფის თვითნებურ ზრდასაც აპროტესტებენ,  პრობლემის შესახებ მერიაში დაწერეს განცხადება, თუმცა მათი თქმით, “პასუხი ამ დრომდე არ მისვლიათ“.

147 სამარშუტო ხაზზე ტარიფი თებერვალში გაიზარდა.