euronews-ი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს

744

euronews-ის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ გადაცემებს ამზადებს. სამოგზაურო გადაცემა ,,Adventures’’-ის ჟურნალისტები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით არიან. დეპარტამენტის ცნობით, მათ უკვე იმოგზაურეს მთიან აჭარაში, გადაიღეს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი და მტირალას ეროვნული პარკი.

ჟურნალისტების კამერის ობიექტივში ბათუმი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობებიც მოხვდა. euronews-ის მილიონობით მაყურებელს აჭარის შესახებ მომზადებული სამოგზაურო ეპიზოდების ნახვა აპრილის ბოლოდან შეეძლება.

euronews-ის ჟურნალისტები აჭარას წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ ესტუმრებიან. ზაფხულში ისინი რეგიონში მოგზაურობის შესახებ ვრცელ ბლოგს მოამზადებენ, შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გადაიღებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, გადაცემების გარდა, euronews-ის აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი იტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 200-ზე მეტ ქვეყანაში გაეცნობიან.