ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ისპანის ტორფნარზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების, გადმოსახედი კოშკურის, მოსასვენებელი სივრცეების, ავტოპარკინგისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
„იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები სააგენტოს ხელმძღვანელმა დაცული ტერიტორიების მენეჯმენტთან და ქობულეთის მერთან ერთად მოინახულა.
ქობულეთში, ზღვიდან 500 მეტრში მდებარე ისპანის ტორფნარი სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ტორფნარს წარმოადგენს. გასულ წელს ის კინტრიშის, მტირალას და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს ვიზიტორთა ცენტრი, მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება. ასევე, გაკეთდება შემეცნებითი სივრცე, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი და ვიზიტორებს სფაგნუმებზე ხელით შეხების საშუალება ექნებათ.
ტურისტული ინფრასტრუქტურული განვითარება ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე, ისპანის ტორფნარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.