ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. ადგილობრივებმა მერიას მილების შეკეთების მოთხოვნით წერილობით მიმართეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოფელ არალში, იმ ადგილზე, სადაც წლებია ყანები ვეღარ ირწყვება, ადგილობრივები აღარაფერს თესავენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ არალში დაზიანებული მილების საქმეს სწავლობენ: „მომავალ კვირაში დავასრულებთ შესწავლას. ჯერ ვერაფერს გეტყვით გავეკეთებთ თუ არა, ან რამდენი ლარი დასჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.
არალში, ე.წ. ყორუღების ტერიტორიაზე 150–მეტრიანი სარწყავი სისტემა „ბი–პის“ დაფინანსებით 2008 წელს, 18 000 ლარად გაკეთდა. ადგილობრივების თქმით, მილი მწყობრიდან სამი წლის წინ, წყალდიდობის გამო გამოვიდა. ამ დრომდე მილები მდინარე ქვაბლიანში ყრია.