“ქვემო ქართლში არის ყველა პირობა ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებისათვის. ამ კუთხით უკვე გადადგმულია ნაბიჯები”- ამის შესახებ პრემიერმა „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეგიონში ასევე მიმდინარეობს ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები. დაწყებულია ფიტარეთის ტაძრის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 250 000 ლარია.
” ქვემო ქართლში ეწყობა კულტურულ და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები და საველოსიპედო ბილიკები. ქალაქ წალკიდან დაშბაშის კანიონამდე გაყვანილია მისასვლელი გზა. მიმდინარე წელს იგეგმება კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. იგეგმება ბოლნისის სიონიდან წუღრუღაშენის ტაძართან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, თეთრიწყაროს ტურისტული მომსახურების ცენტრის შექმნა, სოფელ სამშვილდის ციხემდე და ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა პროექტის განხორციელება”- განაცახდა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა თვითმმართველობის რეფორმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული ხაზი იქნება თვითმმართველობების გაძლიერება. ჩვენ პარლამენტთან ერთად ვახორციელებთ თვითმმართველობის უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი ათი წლის განმავლობაში, მშპ- თან მიმართებაში გავაორმაგოთ თვითმმართველობების დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროექტების დაფინანსება გაორმაგდება მშპ-თან მიმართებაში და მიაღწევს ევროპულ დონეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.