დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. წარმომადგენლობითის ორგანოს დეპუტატების უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ პაპიაშვილის თქმით, საბჭოს მიზანი მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და აქტიური მუშაობა იქნება.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითადი ამოცანები იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა. საბჭოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ მიმართულებით იმუშავებს მოქალაქეების პრობლემებზე, ნაადრევ ქორწინებასა და ამ კუთხით არსებულ სხვა აქტუალურ პრობლემებზე”, – თქვა პაპიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბჭომ წელიწადში ერთხელ საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ.