ბორჯომის სოფელ ყვიბისში, პერიოდულად, მდინარის გაუფილტრავ წყალს სვამენ

829

ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში, პერიოდულად, მდინარე ყვიბისურას გაუფილტრავად უშვებენ, რაც მის დაბინძურებას იწვევს. გასულ კვირას სათავე ნაგებობასთან მეწყერიც ჩამოწვა და ადგილობრივების ონკანებში ტალახიანი წყალი წამოვიდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ყავისფერი წყალი სოფელში მცხოვრები 800 ოჯახის ონკანში, ერთი კვირა მოდიოდა. სოფელში ამბობენ, რომ ეს წყალი არც სასმელად ვარგოდა და არც ტექნიკური მოხმარებისთვის. მინარევებმა კი ბევრს წყლის ელექტროგამაცხელებლები გაუფუჭა.

ახლა ყვიბისელების ონკანებში ტალახიანი წყალი აღარ მოდის, მაგრამ, მთავარი პრობლემა ყვიბისისთვის ეს არ არის. „სათავე ნაგებობა არის უნიკალური, საუკეთესოდ გაფილტრულ წყალს ვღებულობთ, მაგრამ 24 საათში შეკრებილი წყალი ექვს საათში იცლება, ამაშია პრობლემა. როცა 400 ტონა წყალს დაცლიან ექვს საათში, შემდეგ წყალს ითხოვენ და ითხოვენ აგრესიულად. ამიტომ, იძულებული არიან გაუფლიტრავი წყალი გაუშვან სოფელში და 18 საათი მიდის ნაგავი წყალი“, – ამბობს ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიზურაბ ქიტიაშვილი.

მდინარის წყლის გაუფილტრავად გაშვება ზაზა კურტანიძემ ჯერ დაადასტურა, შემდეგ კი უარყო: „სოფლის ქვედა ნაწილი თანახმაა გაფილტრული წყალი ჰქონდეს გრაფიკით. ზედა ნაწილი ამბობს, არ მაინტერესებს გაფილტრული წყალი, იყოს მღვრიეო. როგორ მოვიქცეთ?! თუ ავზი არ შევავსეთ, მოსახლეობა წყალს ვერ მიიღებს“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგება ა(ა)იპ–ი „ბორჯომის სოფლის წყლის“ კომპეტენციაა. მისი ხელმძღვანელი გიორგი ოქრუაშვილი ამ ფაქტს ადასტურებს. ქიტიაშვილისა და კურტანიძის მსგავსად, ოქრუაშვილიც ამას დგილობრივებს აბრალებს: „მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მოდის ტექნიკური წყალი. ეს არის მათივე მოთხოვნა. ხალხსაც არ გაემტყუნება, წყალი უნდა“.

სოფელ ყვიბისში სათავე ნაგებობა 2016–2017 წლებში შეაკეთეს. სამუშაოები 400 000 ლარი დაჯდა. ზურაბ ქიტიაშვილი ამბობს, რომ ახლა სოფლის დაქსელვა და გამრიცხველიანება იგეგმება და ამან შეიძლება პრობლემა ნაწილობრივ მოაგვაროს.