როგორი იქნება დუშეთი რეაბილიტაციის შემდეგ. ვიდეო

3285

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შალვა ინაშვილის თქმით, პირველი ეტაპი ე.წ. ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

“დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ისტორიული სკვერის, ე.წ. ბულვარისა და ეკლესიის რეაბილიტაციას. ასევე, გზებზე ფილების დაგებას, განათების 160 ლამპიონის დამონტაჟებას და ა.შ. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა არის 25 მაისი, თუმცა შეიძლება თარიღი შეიცვალოს. გააჩნია, დროში რამდენად მოესწრება“, – აღნიშნავს ინაშვილი.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე 40 სახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, შალვა ინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ტენდერი მაისში გამოცხადდება და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლინდება.

“ჩვენ პროექტის დონეზე ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. ბულვარის მიმდებარედ 40 სახლია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსები აქვთ მინიჭებული და სწორედ მათი რეაბილიტაცია დაიწყება. მსოფლიო ბანკს ველოდებით. შემდეგ უკვე მუნიციპალური განვითრების ფონდი ტენდერის გამოაცხადებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომ გამოვლინდება, მეორე ეტაპიც დაიწყება. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალურ ფონდთან და სავარაუდოდ, მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება მაისში უკვე შესაძლებელი იქნება“, – განმარტავს ინაშვილი.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტს მსოფლიო ბანკი დაახლოებით 12 მილიონი ლარით დააფინანსებს. კონკრეტულად ბულვარის რეაბილიტაციისთვის კი 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.