მასალები, რომლითაც ახალციხის მერია სტიქიით დაზარალებულს სთავაზობს დახმარებას

872

2016 წელს, ძლიერი წვიმისგან დაზარალებულ კატიანების ოჯახს, რომელიც ხმალაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, მერია ოჯახს სამშენებლო მასალებით დახმარებას სთავაზობს, თუმცა კატიანები შეთავაზებას არ თანხმდებიან. დაზარალებულები ამბობენ, რომ ეს მასალები მათი სახურავის შეკეთებას არ ჰყოფნის. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

“ყოველი წვიმის დროს სახლის ყველა ოთახი სველდება, მეტი ნესტისაგან კედლებიც დაიბზარა. ერთხელ, წვიმის დროს, სახლში წყალი ჩამოვიდა, ტელევიზორი და კომპიუტერი დასველდა და გადაიწვა. კედლებიც ისეთი დაბზარულია, მეშინია, წვიმის ჩამოსვლის დროს, სადმე ელექტროგაყვანილობებზე მოკლე ჩართვა არ მოხდეს და ცეცხლი არ გაჩნდეს”, – ამბობს დაზარალებული ანაიდ კატიანი.

გამოცემის ცნობით, უფრო რთული მდგომარეობაა სახლის სახურავში. კატიანების ოჯახს დაზიანებულ ხის ძელებზე საყრდენებად საწოლის თავები აქვს შედგმული.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ხმალაძის ქუჩაზე მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და კატიანებს უთხრეს, რომ 32 ცალ თუნუქის სახურავსა და 250 კილოგრამ ცემენტს მისცემდნენ. ოჯახმა შეთავაზებაზე უარი თქვა, მიაჩნიათ, რომ მათი ზარალი ამ დახმარებას ბევრად აღემატება და ასეც რომ არ იყოს, თუნუქი და ცემენტი ხის მასალის გარეშე მათი სახურავის შეკეთებას არ ეყოფა.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ კატიანებისთვის სტიქიისაგან მიყენებული ზარალი შემოწმდა და 32 ცალი თუნუქის სახურავისა და 250 კილოგრამი ცემენტის მიცემა სწორედ ამის მიხედვით გადაწყდა. კატიანებისათვის განკუთვნილი მასალა მერიას ჯერ–ჯერობით დასაწყობებული აქვს. თუ ისინი საბოლოოდ იტყვიან უარს, მასალებს მუნიციპალიტეტი სხვა ოჯახს გადასცემს.

2016 წლის 3 აგვისტოს ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩას დიდი ზარალი მიაყენა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში, დაზიანდა სახურავები და ავტომობილები. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ზარალი შეისწავლა და 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოქალაქეების დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო, თუმცა იმის გამო რომ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი ორჯერ ჩავარდა, დახმარებების გაცემა დაგვიანდა .