ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით დაგეგმილია საბიუჯეტო ცვლილების ინიცირება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
კერძოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელებული სტრუქტურული ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისა და ელექტრონული ტენდერების შედეგად დაფიქსირებული ეკონომიების ხარჯზე დაგეგმილია შემდეგი ახალი პროგრამების განხორციელება:
დაგეგმილია საბავშვო ბაღის აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების და ტექნიკური პერსონალის ხელფასების დამატებით ზრდა ახალი სასწავლო წლიდან თანამდებობრივი სარგოს 20 %-მდე (აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან უკვე ღებულობენ 20 %-ით მეტ ხელფას და სექტემბრის თვიდან დაგეგმილია დამატებითი ზრდა)
2018 წლის 1 ივლისიდან დაგეგმილია ასევე შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტში” დასაქმებული მძღოლების შრომის ანაზღაურების გაზრდა (საათში 0,50 ლარის ოდენობით 6,25 ლარამდე).
დაგეგმილია მერიაში და მერიის დაქვემდებარებულ უწყებებში შენობების სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებები;
ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში ახლად დაფუძნებული ორი იურიდიული პირის დაფინანსება: ა(ა)იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, ა(ა)იპ – მუნიციპალური სერვისების სააგენტო.
დაგეგმილია არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსების გაზრდა მოსახლეობის ფაქტიური საჭიროებების გათვალიწინებით;
გათვალიწინებული იქნება ჯანმრთელობის დაცვის ახალი ქვეპროგრამა: თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის 50 %-იანი შეღავათებით მასწავლებლებთან ერთად ისარგებლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) არ აღემატება 625 ლარს თვეში.
გათვალისწინებული იქნება დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებში ქ. ბათუმში რეგისტრირებულ მოსახლეობას (უპირატესად მოწყვლად და დაბალკონკურენტუნარიან ჯგუფებს) დაუფინანსდებათ შრომის ანაზღაურების ნაწილი 8 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 30%-ისა.
ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში ეზოების განვითარების მხარდაჭერის მიზნით მოხდება ეზოების ეკონომიკური პოტენციალის კვლევა, სახასიათო ეზოების შერჩევა, დაინტერესებული მოსახლეობის დახმარება ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. ბიზნეს გეგმების შედგენა და მათი განხორციელებისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაპროექტება. ასევე დაპროექტებული სამუშაოების თანადაფინანსება 10000 ლარის ფარგლებში.
დაიწყება აკ. ვახტანგ შამილაძის და ლადო ასათიანის ქუჩების კეთილმოწყობა.