აბასთუმნის თერმულ წყლებთან დაკავშირებული ხუთთვიანი პროცესი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 21 მარტს მორიგებით დაასრულა. ბიზნესმენმა გენადი ენდელაძემ სადავო ჭაბურღილით სარგებლობის უფლება ოფიციალურად მიიღო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მორიგების პირობების მიხედვით, მოსარჩელე შპს „სამეფო აბასთუმანმა“ მოპასუხე მხარესთან, ბიზნესმენ გენადი ენდელაძესთან ხუთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების თანახმად, მან უნდა უზრუნველყოს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვა, მოსარჩელეს ყოველწლიურად უნდა უხადოს 150 ლარი, უნდა გადაიხადოს მოსაკრებლი კანონით დადგენილ ვადებში და ჯარიმა, 2 000 ლარი, რომელიც იმის გამო დაეკისრა, რომ ჭაბურღილის მოხმარების მოსაკრებელს წლების განმავლობაში არ იხდიდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გენადი ენდელაძე საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პირობას შეასრულებს, შპს „სამეფო აბასთუმანი“ ხუთი წლის შემდეგ, მას სადავო ჭაბურღილის ლიცენზიას სიმბოლურ თანხად გადასცემს.
შპს „სამეფო აბასთუმნმა“, რომელიც კურორტზე ლიცენზიით აბანოებსა და თერმული წყლის ხუთ ჭაბურღილს ფლობს, ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს გასული წლის ბოლოს უჩივლა. „სამეფო აბასთუმანი“ ენდელაძეს, მის საკუთრებაში არსებული საოჯახო სასტუმროს ტერიტორიაზე, თერმული წყლების N2 ჭაბურღილის უკანონოდ გამოყენებაში ედავებოდა. შპს ენდელაძისაგან ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიის დათმობასა და ამავე დროს, მოსაკრებლის, 6000 ლარი გადახდას ითხოვდა.