აბასთუმნის თერმულ წყლებთან დაკავშირებით სხდომა ახალციხის რაიონულ სასამართლოში 1 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მხარეებმა მორიგების სურვილი გამოთქვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
საქმეში მოსარჩელე „სამეფო აბასთუმანი“, მოპასუხე კი ადგილობრივი ბიზნესმენი გენადი ენდელაძეა.
„მორიგების სურვილი მხარეებს ერთობლივად აქვთ. ეს განაპირობა არსებულმა მოცემულობამ. ფიზიკურად სასტუმრო და ჭაბურღილი ერთი კომპლექსია და მექანიზმი, ამის დანაწევრება ბევრ პრობლემას და გართულებებს გამოიწვევს“,– განაცხადა მოპასუხე მხარის ადვოკატმა კახა მათოშვილმა.
რა პირობებზე მორიგდებიან მხარეები, არ აკონკრეტებენ. მოპასუხე მხარე ჯერ არც იმაზე საუბრობს, სრულად ან ნაწილობრივ გადაიხდის თუ არა სარჩელით მოთხოვნილ 6 000 ლარს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 19 მარტს 15:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ შპს „სამეფო აბასთუმანმა“, რომელიც კურორტზე ლიცენზიით აბანოებსა და თერმული წყლის ხუთ ჭაბურღილს ფლობს, ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს გასული წლის ბოლოს უჩივლა. „სამეფო აბასთუმანი“ ენდელაძეს, მის საკუთრებაში არსებული საოჯახო სასტუმროს ტერიტორიაზე, თერმული წყლების N2 ჭაბურღილის უკანონოდ გამოყენებაში ედავება. შპს სარჩელით ენდელაძის მიერ ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიის დათმობასა და ამავე დროს, მოსაკრებელის, 6000 ლარის გადაიხადას ითხოვს.