ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის მოსახლეობა ამბობს, რომ თვებია სასმელი წყალის მიწოდების პრობლემა აქვთ. მათი თქმით, მთაგორიან დასახლებაში არსებული ავარიული გზების პირობებში, ფიზიკურად შეუძლებელია ხელით წყლის ტარება. მოსახლეობა ამ მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალს სახლ-კარის მიტოვებაში ხედავს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყურადღეაბას არ აქცევს. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.
გამოცემა ორი კვირის ჩოხატაურის მერიას დაუკავშირდა, სადაც თქვეს, რომ წყლის მილები შეძენილია და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება. თუმცა მსგავსი რამ ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.
“თვეზე მეტია მოვითხოვთ სასმელ წყალს და ისევ ისე არავინაა მომკითხავი. რაიონის მერს საერთოდ დაბლოკილი აქვს ჩემი ნომერი, ფეისბუქი და დაკავშირება შეუძლებელია მასთან. წუხელ საღამოდან გადაუღებლად წვიმს და ფიზიკურად შეუძლებელია იმ ე.წ გზაზე გავლა, რომლის სიგრძე ორი კილომეტრია და წყლის აღმართზე ამოტანა. კიდევ ერთხელ და დაუღალავად გთხოვთ დახმარებას გადაგვარჩინოთ ის მოსახლეობა ვინც დარჩენილები ვართ და არ ვტოვებთ ამ უპატრონო სოფელს, რომელიც დღითიდღე იცლება“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი თამუნა ხუნდაძე.
ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ-ჯერობით შესწავლის პროცეშია და გაურკვეველია, როდის აღუდგება მოსახლეობას წყლის მიწოდება.
“ლანჩხუთის და ჩოხატაურის სოფლებში და საკმაოდ ბევრ დასახლებაში არის წყლის პრობლემა, ეს არის ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი პრობლემა და მოსახლეობას რეალურად ძალიან ცუდ პირობებში უხდება ყოფნა. სწორედ ამიტომ, დაახლოებით ორი კვირის წინ დავიწყეთ ამ პრობლემის აღწერა. ჩემი ბიუროს თანამშრომლები, პლიუს სოფლის რწმუნებულები და მოწვეული სპეციალისტები ერთად დადიან ადგილებზე, რადგან სრულად იქნეს ინდეტიფიცირებული პრობლემის სახეობა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მექნება სრული სურათი და კონკრეტულად გვეცოდინება სად რომელ სოფელში და რომელ დასახლებაში როდის შევძლებთ წყლის პრობლემა მოვაგვაროთ.ეს პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება, რადგან ბევრ ადგილას, ბევრ დასახლებაში საერთოდ არ არის წყლის მიღების წყარო, შესაბამისად საკმაოდ შორი მანძილიდან მოხდება გაყვანილობის გაკეთება, ამიტომ ეს პროცესი არ იქნება ხანმოკლე. რაც შეხება კონკრეტულად საჭამიასერს, ამ წუთას ზუსტად ვერ გეტყვით ამ სოფლის პრობლემის იდეტიფიკაციას, თუმცა რა თქმა უნდა ,როდესაც სრული აღწერა გვექნება, გვეცოდინება კონკრეტული თარიღები და ვდები რომელ სოფელს, როდის მოუგვარდება წყლის პრობლემა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.