ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა გახდა

688

ჩოხატაურის საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრა დასრულდა. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა გახდა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

გახარიას პარტიიდან, რომელსაც ჩოხატაურის საკრებულოში 3 წევრი ყავს, გოგი ბოლქვაძემ 4 ხმა მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ირაკლი კუჭავამ კი ზუსტად საჭირო რაოდენობა -19 ხმა მიიღო.

ინფორმაციას, რომ წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, სწორედ კუჭავა გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, დარბაზი სრული მდუმარებით შეხვდა.

როგორც ერთ-ერთი წევრი ამბობს, პარტიიდან რეგიონული სამსახურის უფროსის სამხარაძის პირდაპირმა დავალებამ ამ დღეებში არსებული უმრავლესობის დიდი ნაწილის მხრიდან კუჭავას მიუღებლობა გატეხა, თუმცა, პროტესტი სწორედ ამ მდუმარებით გამოიხატა.

“ოცნების” დეპუტატმა გოჩა ჯიქიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ფორმით არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე, ვერასდროს იქნება მისთვის მისაღები და იგი მათ შორისაა, ვინაც ხმა არ მისცა კუჭავას.

კუჭავას ამ ფორმით არჩევის შემდგომ, მერის კაბინეტი გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ და გურიის “ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაციის უფროსმა გიორგი ღურჯუმელიძემ “ვალმოხდილებმა” დატოვეს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა, მისი მოადგილის კანდიდატად ზაალ მამალაძე კუჭავამ ამ ფორმით დაასახელა: „წარმატებული და ღირსეული ადამიანი, ფაქტობრივად, თანათავმჯდომარედ უნდა ავირჩიოთ“.

კენჭისყრის მიხედვით, საკრებულოს ძველ თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძეს უმრავლესობის 26 დეპუტატიდან 26-მ დაუჭირა მხარი და ის კუჭავას მოადგილე გახდა.